მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო აქციების 24-ე დღე – კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სკანდირებენ – „მონებო“

საპროტესტო აქციების 24-ე დღე – შეკრების ადგილად ევროპის მოედანი შეირჩა, აქციას კი “ევროპის მარში” დაერქვა. არ იცვლება მხოლოდ პროტესტის მიზანი და მოთხოვნა – აქციის მონაწილეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ინიციატივაზე უარის თქმას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი დღეს 4 სხვადასხვა ადგილას შეიკრიბა, ერთ-ერთია რესპუბლიკის მოედანი, საიდანაც დანიშნულების მთავარი ადგილის მიმართულებით მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ – „მონებო“.
მმართველი პარტიის ოფისის ასასვლელ გზაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
„ევროპის მარშის“ მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან არ შეჩერებულან, მსვლელობას განაგრძობენ ევროპის მოედნისკენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ“. მათ მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ.
მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე მყოფები ტაშით შეხვდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.

ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც მალე სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

აქციის მთავარ ლოკაციამდე პროტესტის მონაწილეებმა მარში მოაწყვეს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მოგვიანებით, მარშის მონაწილეები, სხვადასხვა ლოკაციიდან ბარათაშვილის ხიდზე შეერთდნენ და მსვლელობით გაემართნენ ევროპის მოედნამდე. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ – „რუსებო!“, „მონებო!“.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. იქ იმყოფება პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, რომელიც ამბობს, რომ მმართველმა ძალამ კანონი უკან უნდა გაიტანოს, რადგან ის ქართულ საზოგადოებას არ უნდა.

მსვლელობაზე იმყოფება პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეც.

აქციას ევროპის მოედანზე შეუერთდებიან მეტრო “სამასი არაგველიდანაც”, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბა და ამ წუთებში მსვლელობით მიემართება უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

მსვლელობაზე იმყოფება პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

“გამოვხატავთ იმას, რასაც 1000 წლებია ჩვენი წინაპრები გამოხატავენ და რასაც ჩვენი შვილები გამოხატავენ ყოველდღიურად. საქართველო არის ევროპა, ჩვენი ადგილი არის მხოლოდ იქ. ვისაც ეს არ მოსწონს, წავიდეს სხვაგან,” – ამბობს ნიკა გვარამია.
მსვლელობისას თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა

მსგავსი პოსტები

Back to top button