მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო -საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ დიპლომატიური უწყებების ნაწილში 26 მაისის საზეიმო მიღება “ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ჩატარდება”.

დღეს, საინფორმაციო მედიამ მოიპოვა ელექტრონული შეტყობინებები, სადაც საქართველოს საელჩო ტალინში და საკონსულო სან-ფრანცისკოში სტუმრებს აფრთხილებს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები აღარ გაიმართება.

უწყების მტკიცებით, “დამკვიდრებული პრაქტიკაა”, რომ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება, საელჩოს სახელით გამართულ მიღებაში კი “მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი”.

“ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს.

წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს – ივნისის ბოლოსაც კი.

ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიის საშუალებით ორი წერილი გასაჯაროვდა, რომელსაც საელჩოებიდან (საქართველოს გენერალური საკონსულოსი სან-ფრანცისკოში და საქართველოს საელჩოსი ესტონეთში) ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერდნენ. ორივე წერილში ნათქვამი იყო, რომ 26 მაისის ღონისძიება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება. მიზეზებზე წერილებში არაფერი იყო ნათქვამი და მათ გადამოწმებას ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვცდილობდით.

მსგავსი პოსტები

Back to top button