მნიშვნელოვანისიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი, - მსხილაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია. საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილებოდა. საკითხი პლენარულ სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, ხვალ გავა.

უმრავლესობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან, რომელმაც ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ, რაზეც მან უარი თქვა.

პარლამენტი ვეტოს დაძლევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას ხვალ, 28 მაისს, აპირებს.
კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა “უკადრებელი იკადრა” და გამბედაობა არ ეყო, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

გიორგი მსხილაძემ არაერთხელ განმარტა, რომ არ შევიდოდა მუხლობრივ განხილვაში რადგან კანონი მთლიანად, პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით, გასაუქმებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

“ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია, ჯერ ჯერობით კიდევ”, – თქვა ოხანაშვილმა

სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი მსხილაძემ თქვა:

“ყველზე სამწუხარო არის ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით და აღნიშნული პროცესით, ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე. დეპუტატების დაყვანა, რომ ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი, აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის რაში აინტერესებს, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ, აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე”.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება” კანონზე უარს იტყვის.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.

ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტზე.

მანამდე კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს დასაბუთებული და მოტივირებული წინადადება არ წარუდგენია და ეს იმ ფონზე, როდესაც საუბარი იმაზეა, რომ კანონი პრობლემას წარმოადგენს.

„ამბობთ, რომ შინაარსობრივ განხილვასა და მუხლებში ვერ შევალო, ეს თუ ნორმალურია? მესმის, რომ აქ ხმამაღლა ვერ იტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ამას მიხვდებით“, – მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ მან ზუსტად გასცა პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლის მანდატიც ჰქონდა.

„მუხლობრივ განხილვაში მე ვერ შემოვიდოდი და ჩემგან დარღვევად ის თუ გგონიათ, რომ კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყევით, ამით რაღაც დავარღვიე და ვისაც წარმოვადგენ, კომპეტენცია და გაკვეთილები ჩამიტარეთ, იურიდიული კომიტეტისთვის ეს მიუღებელია. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი. პრეტენზიები ჩემთან ნუ გექნებათ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მსხილაძემ.

ამის შემდეგ, მას ოხანაშვილმა კითხვით მიმართა, დაესახელებინა, რა დროში სრულდება მესამე მოსმენით განხილული საკითხები, რა დროში სრულდება კომიტეტი.

„67 წამში დამთავრებული რომელიმე კომიტეტი დამისახელეთ, გინდა მესამე იყოს და გინდა მეოთხე“,- უპასუხა გიორგი მსხილაძემ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც თავის მხრივ ასეთი პასუხი გასცა: „არაერთი“.

ამის შემდგომ ოხანაშვილმა მსხილაძეს შეკითხვა კიდევ დაუსვა.

„ბატონო გიორგი, მომესმა, თუ მართლა თქვით, რომ პრეზიდენტმა მუხლობრივ განხილვაში შესვლის მანდატი არ მოგცათ?“ აღნიშნულ კითხვაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პასუხი ოხანაშვილისადმი იყოს ის, რომ მას ეს „მოესმა“.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button