ოცნების თქმით საქართველოში სიღარიბე შემცირდა და თავი 350,000 – ზე მეტმა ადამიანმა დააღწია

საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. 1 წლის განმავლობაში სიღარიბე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს თავი დაახლოებით 140,000 – მა ადამიანმა დააღწია. ამ მონაცემს სამწლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სიღარიბეს თავი 350,000 – ზე მეტმა ადამიანმა დააღწია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის „საქსტატის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიღარიბის ასეთი ტემპით შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც ერთი მხრივ, განაპირობა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, მეორე მხრივ კი მიზნობრივმა სოციალურმა პოლიტიკამ.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სიღარიბის შემდგომ შემცირებას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ქვეყანაში სიღარიბე 11%-მდე შემცირდა, დამატებით, დაახლოებით 400 000 ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი და ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.
„იცით, რომ ქვეყანაში სიღარიბე 11%-მდე შემცირდა. დამატებით, დაახლოებით 400 000 ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი და ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკის პრიორიტეტზე, ჩვენი თვითმიზანი არ არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარება გვინდა იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი დასაქმებული ადამიანი და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაზრდასთან. აქედან გამომდინარე, როცა დიდ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდით, ჩვენი მოლოდინი იყო ზუსტად ასეთი. ამის ამოცანა იყო, რომ ეს ასახულიყო ინკლუზიურად ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. მონაცემები, რომელიც 2023 წელს ეხება, არის დამაიმედებელი. ისტორიულ მინიმუმამდე არის შემცირებული სიღარიბე. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მონაცემებიც იქნება ასეთი და შევინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ და მეტ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ. მიმდინარე წლის მონაცემები საკმაოდ კარგია. საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე ადგილს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აპრილის ეკონომიკური ზრდაც ძალიან მაღალია, მაგრამ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქსტატი მორიგ მონაცემებს აქვეყნებს – ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ შეაფასა და აღნიშნა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 12 წელთან შედარებით შემცირებულია 2.5-ჯერ და ახალ, ისტორიულ მინიმუმზეა:
“დღეს ვხედავთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5-ჯერ და არის ახალ ისტორიულ მინიმუმზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ატარებს გაძლიერდეს და იმ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს სვლა, რა მიმართულებითაც მოძრაობს ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში,”- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.
“2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5 პროცენტი (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0 პროცენტი (-2.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა”, – აღნიშნულია “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.