მნიშვნელოვანისიახლეები

„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს,,-“ოცნებიდან” ფორმალურად წასული მაჭარაშვილი

,,თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს,,-კობახიძე

“ოცნებიდან” ფორმალურად წასული, ანტიდასავლური “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი რეპრესიებს აანონსებს და ამბობს, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც რუსული კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ “ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება”.
გურამ მაჭარაშვილი ვრცელ პოსტში ოცნების რიტორიკას იმეორებს და ცდილობს, რუსული კანონის მიღება გაამართლოს.

გარდა ამისა, მაჭარაშვილი საერთაშორისო საზოგადოების, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების კრიტიკას კანონთან დაკავშირებით “ზღვარგადასულ წინააღმდეგობას” უწოდებს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და, მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულეებლი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იმავე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს.

„ცხადია, უკვე ჩაფერფლილი პროტესტის მონაწილეებს შორის გულწრფელი, მაგრამ პროპაგანდით მოტყუებული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ, შარშანდელისგან განსხვავებით, მათი წილი იმდენად მცირე იყო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო კანონი ზედმეტი გართულებების გარეშე გაიტანა.

პირადად ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების ზღვარგადასული წინააღმდეგობა. საქმე მარტივადაა – კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იმავე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს და, შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ ინფორმაციას მიიღებს პოლიტიკის კულუარებში არსებულ შავბნელ პროცესებზე. ასე მაგალითად, კანონს რომ აქამდე ემოქმედა, ქართულ საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა პარალელური დათვლის გაყალბება 2020 წელს, რასაც ლამის რევოლუცია მოყვა. საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა „ენჯეოების“ პროტესტი, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ასევე, ყველას ეცოდინებოდა, რომელი უცხოური ქვეყნები და ორგანიზაციები იდგნენ „კანვასის“ ტრენინგების უკან, როდესაც რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას გაკოტრებული რადიკალი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, უცხოელ ტრენერებთან ერთად, რევოლუციის მოწყობას ასწავლიდა.

დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ. ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში. არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი დავალებებით მოქმედებენ და ინსტრუქციებს, ისევე როგორც შავ ფულს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება.

„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.

მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.

ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოს და ბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს, საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს“, – წერს მაჭარაშვილი.

ოპოზიციამ “ხალხის ძალის” წევრის განცხადებებს დაანონსებული რეპრესიები უწოდა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი გამჭვირვალობის კანონს მათთვის მიუღებელი პირების დისკრედიტაციის საბაბად გამოიყენებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინიციატივა სისრულეში იმ შემთხვევაში მოვა, თუ პოლიტიკური ვითარება უცვლელი დარჩება.

გურამ მაჭარაშვილის სკანდალური განცხადების ადრესატები, ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. მესამე სექტორის უმრავლესობამ დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, “იემსი”-ში კი ის სამართლებრივი ნორმები განმარტეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, აქციის მონაწილეებისა და კანონის მოწინააღმდეგეების ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ვერ მოხდება.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, ქართული კანონმდებლობის ჰუმანურობას უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკურმა პროცესებმა უკვე დაადასტურა ოპოზიციის ნაწილისა და უცხო ქვეყნების საერთო ინტერესები.

სკანდალური პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია – ”ხალხის ძალის” ერთ -ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესებს ალტერნატივა არ აქვს და ისინი ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად უნდა იქცეს.

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.

“საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button