მნიშვნელოვანისიახლეები

2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება- ამ ჯარიმების ამოღება “არაგონივრულია”

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება.
ირაკლი კობახიძის თქმით, კერძოდ, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარია.

„დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით, სრულად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თითქმის ორი წელია, საქართველოში გაუქმებულია კოვიდრეგულაციები. პანდემიის დროს, 2020 წლის მარტიდან კი საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის იყო იზოლაციის, გადაადგილების, შეკრებების აკრძალვისა და პირბადის სავალდებულო გამოყენების შესახებ შეზღუდვები.

საქართველოს პარლამენტმა დაკისრებულ ჯარიმებზე ამნისტია 2021 წელსაც გამოაცხადა, თუმცა გარკვეული რეგულაციები მას შემდეგაც მოქმედებდა. ჯარიმები, რომელთა გაუქმებაზეც მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ, სწორედ ამ პერიოდის შემდეგ არის დაკისრებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button