მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სიას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე ;

სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია ;

დროა – ელენე ხოშტარია;

გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ;

ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია;

კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი;

ლელო საქართველოსთვის – მამუკა ხაზარაძე ;

ახალი – ნიკა მელია ;

მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი ;

ანა დოლიძე ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი ;

თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია;

სტრატეგია აღმაშენებელი – პაატა მანჯგალაძე;

ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია;

რესპუბლიკური პარტია – დავით ბერძენიშვილი ;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა ;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე;

ეროვნულ – დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა;

დამოუკიდებელი დეპუტატები:

ნატო ჩხეიძე;

როსტომ ჩხეიძე;

თამარ კორძაია;

ხატია დეკანოიძე;

არმაზ ახვლედიანი.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

შეგახსენებთ 22 ხელმოწერა და 17 პოლიტიკური პარტია – საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მხარდასაჭერად, ორბელიანების სასახლეში დილიდან თავი ოპოზიციამ მოიყარა. “ნაციონალური მოძრაობა“ და “სტრატეგია აღმაშენებელი“, “ლელო“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“, “დროა“, “ახალი“, “ევროპული საქართველო“ და სხვები თანხმდებიან, რომ მათთვის ახლა ერთობის და არა ერთიანობის დროა.

ათონელის რეზიდენციაში მისულები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტს ხელი ერთი და მთავარი პირობით მოაწერეს – ოქტომბრის არჩევნებზე არ იქნება საერთო სია და არც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიცია.

საპარლამენტოს მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ორბელიანების სასახლეში მისულები ქარტიის პრინციპებზე თანხმობას როგორც ზეპირად, ისე ხელმოწერით ადასტურებდნენ. ქარტია ითვალისწინებს პრეზიდენტთან კოორდინაციით ტექნიკური მთავრობის შექმნას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და სხვა კანონების გაუქმებას და, ასევე, ერთ წელიწადში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ზურაბიშვილის ერთობის დოკუმენტი “ომის ქარტიაა“ შალვა პაპუაშვილისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მომხრეებს შორის სწორედ ის პარტიები არიან, რომლებსაც ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ.

ოპოზიციის რიგებში არიან ისეთებიც, ვინც ზურაბიშვილის იდეის მიღმა სამართლებრივ ჩიხებს ხედავენ. ორბელიანების სასახლის დარბაზში განთავსებულ დოკუმენტზე არ იქნება “გირჩის“ და გახარიას “საქართველოსთვის“ ხელმოწერა. ერთი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის არგუმენტაცია სუსტია და დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს; მეორე კი რიგგარეშე არჩევნების იდეას 26 ოქტომბრის მნიშვნელობის დაზიანებად აღიქვამს და პასუხისმგებლობას არც დროებითი მთავრობის ფორმირებაზე იღებს.

გახარიას გუნდის უარი პოლიტიკური ფანდია სახელისუფლებო პარტიისთვის. “ქართულ ოცნებაში“” დარწმუნებული არიან, რომ პარტიის “საქართველოსთვის“ ეს გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული გეგმის ნაწილია, რომლის თანახმად “ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი არ უნდა წაართვან და გადაუწყვეტელ ელექტორატზე იმუშაონ.

ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა. “ვივამედის“ კლინიკაში მოთავსებულმა ექსპრეზიდენტმა ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა, თუმცა ორი პირობით – დაიწყოს კოორდინაცია საერთო სიასა და ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილ-ზურაბიშვილის გამარჯვების ფორმულა, მარცხისთვისაა განწირული.

ქარტიის იდეა და სამოქმედო გეგმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა და ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ხელმოწერამდე პოლიტიკურ ძალებს დრო 1 ივნისამდე ჰქონდათ, ორი დღის შემდეგ კი ათონელის რეზიდენციაში დოკუმენტის გაფორმება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button