მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მეორე მატჩისთვის ემზადება

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთთან გამართავს, 26-ში კი პორტუგალიასთან

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მეორე მატჩისთვის ემზადება.

ჩვენი გუნდი 22 ივნისს, ჩეხეთს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.

დაძაბული პირველი შეხვედრის შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქვილითაიას განცხადებით, თურქეთთან გამართული თამაშით კმაყოფილები არიან, თუმცა შედეგი ბოლომდე კმაყოფილების საშუალებას არ აძლევთ.

როგორც გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, თურქეთთან გამართული მატჩი, შემდეგი შეხვედრისთვის გაკვეთილი იქნება და ჩეხეთთან შეხვედრა, აუცილებლად დადებითი შედეგით უნდა დასრულდეს.

“შედეგით, რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. ჯგუფში თურქეთი ჩვენი უშუალო კონკურენტია. თამაშით კმაყოფილები ვართ. როგორც აღნიშნა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ გამართულ ინტერვიუებში, თამაშით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს შედეგი არ გვაძლევს ბოლომდე კმაყოფილების საშუალებასა და უფლებას. ამიტომ, ახლა სრულიად უნდა გადავერთოთ ჩეხეთზე და ეს შეხვედრა აუცილებლად დადებითი შედეგით უნდა დავასრულოთ.

საგოლე მომენტები რომ დავითვალოთ, მგონია, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. მათ მიერ გატანილი პირველი ორი გოლი საოცარი იყო, მაგრამ მაგაზე ბევრად კარგი საფეხბურთო შანსები გვქონდა ჩვენ, მაგრამ არ გავიდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შედეგზე იქონია ზეგავლენა. თუმცა გუშინდელი შედეგი შემდეგი თამაშისთვის გაკვეთილი იქნება”, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

დორტმუნდის “BVB არენა“, რომელიც 62 ათას ადამიანს იტევს, თითქმის ბოლომდე სავსე იყო. გერმანიაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა, თუმცა სტადიონზე გაცილებით მეტი იყო თურქი ქომაგი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთთან გამართავს, 26-ში კი პორტუგალიასთან. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ორ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდს აქვს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, ვინც შეძლო და ჩამოვიდა. მათი მხარდაჭერა იგრძნობოდა, ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ამაყი ვარ მათით, რადგან შეძლეს და ჩვენს გვერდით არიან,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა.

ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.

“გავაგრძელებთ შრომას, მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გგულშემატკივრობდით.“ – აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლაშა დვალმაც.

“მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება იმის შანსი, რომ გავიმარჯვოთ. გამოცდილი გუნდი ვართ, არის გუნდში ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი ვართ და ჩემი აზრით, ეს გუნდი თავის სათქმელს იტყვის,“ – განაცხადა ლაშა დვალმა.

ანგარიში 25-წუთზე თურქეთმა გახსნა. მალევე, ვინჩენცო მონტელას გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა არგენტინელმა მსაჯმა ის გააუქმა. 32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ ზუსტი დარტყმით ბურთი კარებში გაგზავნა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.

თურქებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. 65-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.

ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს, თუმცა მიზანს მაინც თურქეთმა მიაღწია: ბოლო კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა გიორგი მამარდაშვილი, ჩაწოდების შემდეგ ბურთი თურქებს დარჩათ და ცარიელ კარში მესამე გოლი გაგვიტანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button