უდუმაშვილს გენ.დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს
რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს.
დროებითი მმართველების განმარტებით, დამფუძნებლებთან კონსულტაციის შედეგად, სირთულეების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
დავით დვალის განცხადებით, ამ საკითხზე მან ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. თუმცა, პასუხი დირექტორის მოადგილისგან ჯერჯერობით არ მიუღია.
მისი თქმით, იძულებით არაფერი მოხდება და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღეს, რომ ტელევიზიის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას.
დავით დვალმა განმარტა, რატომ აპირებდნენ დროებითი მმართველობის განხორციელებას.
მისი თქმით, ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ალტერნატიული გეგმები ისახება რუსთავი 2-ში, საუბარი იყო ალტერნატიული ტელევიზიის შექმნაზე და სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლამდე აპარატურის დაზიანებაზე.
დვალის განმარტებით, მთავარი მიზანია, რომ ორგანიზაციას არ შეექმნას პრობლემა. ამ მოტივით დათანხმდნენ სამაუწყებლო კომპანიაში დროებით მმართველებოს განხორციელებას.