მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უგზო და უტრანსპორტო ქორეთი

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

26 წლის მაკა თურქოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში, მცირეწლოვან შვილებსა და დედასთან ერთად ცხოვრობს. ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში, ორმოც წელზე მეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. მაკა ამბობს, რომ ახმეტამდე ჩასასვლელად, თორმეტკილომეტრიანი საშიში გზის გავლა, ხშირად, ფეხით უწევს.

მაკა თურქოშვილი

მაკა თურქოშვილი:

“რამდენჯერ ვუთხარით, აქ მოყვანილიც გვყავდა მთავრობის ხალხი, რომ გვჭირდება მანქანა, ტრანსპორტი, რომ ვიაროთ. და ეს ტრანსპორტიც ვერ მოიყვანეს და ეს გზაც ვერ გააკეთეს.”

თურქოშვილების ოჯახი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სოციალური შემწეობითა და თხილის პლანტაციებში ფიზიკური შრომით ირჩენს თავს. უტრანსპორტობის გამო, მაკას ტაქსების გამოძახება უწევს და მთელ შემოსავალს ტრანსპორტში ხარჯავს. მისი თქმით, ამგვარი სოციალური პირობების ფონზე, სოფელი ხალხისგან იცლება.

მაკა თურქოშვილი:

“ვურეკავ, ტაქსი მოდის, მივყავართ…”

ხათუნა გულიაშვილი

“არის ამის შესაძლებლობა, რომ ყოველთვის ტაქსი გამოიძახოთ?”

მაკა თურქოშვილი:

“არა, ხან ისეთ იმაში ვარ, რომ ვალს ვიდებ, არა მაქვს საშუალება…”

სოფელ ქორეთში უტრანსპორტობით გამოწვეულ პრობლემებზე 75 წლის ანა უგულავაც გვიყვება. პენსიონერი ამბობს, რომ პროდუქტისა და მედიკამენტების შესაძენად, ადგილობრივები მუნიციპალიტეტის ცენტრში ფეხით მიდიან, ან ერთობლივად, ტაქსებს ქირაობენ და სოციალურ შემწეობას, ძირითადად, მისვლა-მოსვლაში ხარჯავენ.

ანა უგულავა:

“საჭმლის ყიდვისთვის, უნდა წახვიდე ახმეტაში და… დაიბარო ტაქსი… მეც ასე უნდა გავიჭირვო, დავიქირავო… ან მეზობელი, ან გამო

ვიძახო ტაქსი და წავიდე. ექიმთან წასვლა მჭირდება და ვქირაობ და მივდივარ-მოვდივარ.”

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შაქრო ტერტერაშვილი ამტკიცებს, რომ

ქორეთში ტრანსპორტის დანიშვნას მერია ამომრჩეველთა მცირე

რაოდენობის გამო აფერხებს. ტერტერაშვილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული ხარჯების ეკონომიით, სოფელ ქორეთის მიმართულებით სამარშრუტო ავტომანქანის დანიშვნა შესაძლებელია.

შაქრო ტერტერაშვილი:

“ზღვაში გაყავთ გზები და პატარა სოფელში გზის გაყვანა და ხიდის გაკეთება არაფერი პრობლემა არ არის 25-26 მილიონიანი ბიუჯეტისთვის. უბრალოდ, ამომრჩეველთა პატარა რაოდენობაა, თვლიან, რომ მოწყვლადი სოფელია, ისედაც საარჩევნო ხმები არ უჭირთ და მაგიტომ არ აინტერესებთ.”

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა  სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი კი, უტრანსპორტობას ქორეთში დაზიანებული გზით ხსნის. იგი საკითხის არჩევნებთან კავშირს უარყოფს და არც ბიუროკრატიულ ხარჯებს თვლის გაბერილად.

 

ვაჟა ნასყიდაშვილი:

„დღეში შეიძლება, ერთი კაციც არ წამოვიდეს სოფლიდან და მაქ რომ „პასტაიანნი“ ის დავნიშნო, არ არი, რა… დაახლოებით, 2 კილომეტრი და ორასია, გენაცვალე, გზის სიგრძე და მაგას ერთი 800 ათასი ლარი უნდა. როდის იყო, მე ვასხვავებდი სოფელს? ჯერ ეს ერთი, ქორეთში ვისაც აძლევს ხმას, საკობიანოში იყრის კენჭს. შეიძლება, მეც მაძლევს ხმას, მე რა ვიცი. შეიძლება, ახალი წლიდან დავნიშნო, რა. ამ წლის ბიუჯეტით, ვერ დავნიშნავ.“

მერიის კუთვნილი ტრანსპორტის სარემონტოდ, მილიონ შვიდასი ათას ლარიან ტენდერზე დასმულმა შეკითხვამ კი, მერის მოადგილე გააღიზიანა.

ვაჟა ნასყიდაშვილი:

„საიდან მოიტანე, ვინ გითხრა?“

ხათუნა გულიაშვილი:

„ტენდერებში ვნახე, ვაჟა.“

ვაჟა ნასყიდაშვილი:

„რა ნახე, რა მანქანების მომსახურება და სარემონტოზე… მილიონიანი სადა ნახე, გოგო?! საპროექტო გამოვაცხადე, ავტოპარკი უნდა ავაშენო. რა სარემონტო?! ეს ავტობუსები რომ გავაჩერო, მაგას თავისი მომსახურე პერსონალი უნდა, იქ დისპეტჩერი უნდა, რაღაცა ბაზა უნდა, სამრეცხაოები უნდა მოვუწყო, სარემონტო რაღაცა „ბოქსი“ უნდა გავუკეთო. მაგას ნახავდი, 980 ათას ლარს. რა მილიონი სარემონტო?! მაგიტომ გეუბნები, შეგრცხვება მეთქი, კაცო!“

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია. აქედან, 300 ათას ლარამდე ჩინოვნიკების საწვავის ხარჯისთვისაა გათვალისწინებული. 2024 წლის თებერვალში, ბალანსზე რიცხული 11 ავტომობილის რემონტისათვის, მერიამ 1 734 481 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის მიუხედავად, ახმეტის ბიუჯეტში სოფელ ქორეთისათვის ტრანსპორტის დანიშვნის ან გზის დაგების სახსრები ვერ მოინახა. ამ ფონზე, ქორეთში 2014 წლის აღწერით დაფიქსირებული 238 მცხოვრებიდან, თითქმის ნახევარმა, სოფელი უკვე დატოვა.

 

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი ჰერეთის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button