მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრსას კობახიძისთვის შეძახილებით დახვედრა დაორგანიზებული იყო-ოცნება ასევე თავხედს და ბოროტებს უწოდებს ადამიანებს ვინც კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ

არავინ აპირებს დათვლას 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა – თვალნათელია, რომ მაშინ, როცა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის წარმატებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ამ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
წილოსანი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს სტვენა და უარყოფითი შეძახილები “პარტიული ჯგუფის მიერ ორგანიზებული მავნებლობა იყო“.
წილოსანის თქმით, მას არ მჯერა, რომ “ადამიანებს ასეთი დიდი ზეიმის დროს მავნებლობა გულწრფელად შეიძლება მოუვიდეთ“.
“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა. ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ვამბობდით, რომ უზომოდ ბედნიერი ვართ. იმ ფონზე, როდესაც დიდი სახალხო ზეიმი გაიმართა და ყველა, პოლიტიკური შეხედულებებისგან განურჩევლად, ეროვნული ნაკრების მიღწევებს ვზეიმობდით, წარმოუდგენელია ის დაორგანიზებული მავნებლობა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფის განხორციელებული არ ყოფილიყო. ფეხბურთელები ამაყი იყვნენ, რომ მათ ხალხი გააერთიანეს და ადამიანებმა მათი გამარჯვებების გამო პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადეს.
ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი – ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს.
ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს – წაგებულსა და დამარცხებულს – რომელთაც ზეიმის დროს მავნებლობის შანსი მიეცათ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძისთვის შეძახილებით დახვედრა დაორგანიზებული იყო.
მამუკა მდინარაძემ მოქალაქეების მხრიდან სტვენასა და შეძახილებს “მავნებლობა” უწოდა.
“როდესაც აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს რაღაცა უუუუ დაიძახოს და 100 კაცი აყვეს, როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. თან საყოველთაო ზეიმის ფონზე”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა.
კობახიძემ სცენაზე ასვლისთანავე მიკროფონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა ჩვენ კი არა, მსოფლიოში არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ის ბედნიერება, რომელიც ამ ბიჭებმა გვაჩუქეს, კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ „ნაცებისთვის“ აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გრძელიშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა ან რომელიმე მათგანის გამორჩევა, ვინმეს გაშავება ან საკუთარ სახედ არჩევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა.
„ასეთი ერთ მუშტად შეკრული, ერთი მიზნისკენ მიმართული ნაკრები არ გვყოლია, თუმცა „ნაცებმა“ მოახერხეს და კონკრეტულ ფეხბურთელებთან თავის გაიგივება, მათი საკუთარ „ხმად“ გამოყვანა სცადეს და კამპანიები ააგორეს. ამის პარალელურად, ფეხბურთელები, რომლების პოზიციაც მათთვის მიუღებლად ჩათვალეს, აითვალწუნეს და, რბილად რომ ვთქვათ, არაფრის გამო აკრიტიკეს. ამ ხალხმა ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე მხოლოდ იმიტომ ამოიჩემა, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები აქტიურად გულშემატკივრობენ. მათთვის ისიც კი აუტანელი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რამდენჯერმე მის თამაშს ნეაპოლში დაესწრო, ამ ბიჭისგან კი, როგორც ყველა გულშემატკივარმა, მანაც მადლობა დაიმსახურა. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვერავინ მაჩვენებს ერთ ფაქტსაც კი, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევა, ან რომელიმე მათგანის გამორჩევა, ვინმეს გაშავება ან საკუთარ სახედ არჩევა და მათი საშუალებით ქულების დაწერა სცადა! ამის საპასუხოდ, „ნაცებმა“ კუმირად აირჩიეს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ბუდუ რომ ამ ქვეყანაზე შეყვარებული, პოზიტიური ხასიათის ადამიანია და მოედანზე საკუთარი ნაკრებისთვის ყველაფერს დებს, ამას ახსნა არც სჭირდება. ამ კაცს ლუქსემბურგთან მოგებულ მატჩში გატანილი გოლებისთვის, მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ თავდადებისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშებში ჩანს, ყველა ქართველისგან მადლობა ეკუთვნის. მას წარმატებას და უმაღლეს დონეზე ასვლას, რომელიმე ტოპ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვუსურვებ, უბრალოდ, მინდა ყურადღება იმაზე გავამახვილო, როგორ მოქმედებენ უინტელექტო „ნაცები“. „ნაცებმა“ ბუდუს ნაკრებთან ერთად მშვიდად მომზადებაც კი არ აცადეს და მთელი ჩემპიონატის მანძილზე მისი სახელის პოლიტიზირებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი არავის გაკვირვებია, რადგან ამ ადამიანებს მეორე ლიგის დონის ინტელექტი აქვთ. მგონია, ხვალ რომ ბუდუ რომელიმე ტოპ ლიგაში სათამაშოდ გადავიდეს, მასაც თავს მიანებებენ და ისევ მეორე-მესამე ლიგაში დაიწყებენ ისეთი ადამიანის მოძებნას, რომელსაც საკუთარ კერპად მის უკითხავად აქცევენ, უამრავ უხერხულობას შეუქმნიან, ისე, როგორც ბუდუსთან მიმართებაში იქცეოდნენ მთელი ტურნირის მანძილზე. ამის დაგვირგვინებას კი გუშინდელი ფაქტი წარმოადგენს, როდესაც მთელი ქვეყანა ზეიმობდა, თუმცა, „ნაცების“ ატეხილ ისტერიაზე ბუდუს და მის მამას განმარტებების გაკეთება მოუწიათ. უდიდესი მადლობა მთელ ნაკრებს, უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიადან დაწყებული ბუდუ ზივზივაძეთი დამთავრებული. ყველა ჩვენ გმირ ფეხბურთელს ვუსურვებ კარიერაში წინსვლას, და როგორც თითოეული ქართველის, ჩემი სურვილიც არის რომ ბუდუმაც, ხვიჩამაც, მამარდამაც, ქოჩორამაც და უკლებლივ ყველა ქართველმა ფეხბურთელმა ტოპ დონეზე ითამაშოს! მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რომელიც თითოეულ ქართველს მოგვანიჭეს და მჯერა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი წარმატების გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს გიორგი გრძელიშვილი.

მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს უარყოფითი შეძახილები „პატარა ჯგუფის“ ორგანიზებული იყო.
„არის სიძულვილის მფრქვეველთა ჯგუფი, რომელსაც ჰქვიათ ‘ჰეითერები’, რომელთა მიზანიც არის ნებისმიერი სახალხო ზეიმი, ქვეყნის წარმატება აქციონ გარკვეულ ნეგატივად… ეს ადამიანები ორგანიზებულად ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ. აჟიოტაჟი ატეხეს და გამოიწვიეს, თუმცა საზოგადოება მათ არ აჰყვა“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“.
უფრო ადრე ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა:
„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ჩაეტენება ხოლმე, ამას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს ‘უუუ’ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, ეს არის ელემენტარული მავნებლობა“.

გუშინ, 2 ივლისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიისგან სხვადასხვა მხრიდან მოჰყვა ნეგატიური შეძახილები. „გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით“, – თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების გადაცემის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს კვლავ ირაკლი კობახიძემ მიმართა. ამ დროს ისევ გაისმა ნეგატიური შეძახილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button