მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია-სააკაშვილს ამინისტია არ შეეხება

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი ბრიფინგზე გახდა.

მისი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება.

დღეს მინდა, საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დააინიცირა დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად:

აზღვევს რეციდივის რისკებს;
ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს;
შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს;
თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან;
ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს”, – თქვა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
იონათამიშვილის თანახმად, პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:

პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის 1/2-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს”, – ამბობს ოცნების დეპუტატი.

ცნობილი ხდება, რომ ამნისტია არ შეეხება:

მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
ნარკორეალიზატორებს;
სქესობრივ დანაშაულებს;
ყაჩაღობას;
ტერორიზმს;
კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს;
ქურდულ სამყაროს;
კონვენციურ დანაშაულებს;
ტრეფიკინგს სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
გარდა ამისა, იონათამიშვილი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 7 000 პირს.

დეპუტატმა კანონის მიღების ვადებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

“აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ, – ამბობს იონათამიშვილი.

პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან შსს-ს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მონაწილეობით მომზადდა ამნისტიის პროექტი.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ამნისტია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.

იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომლებიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანებიან.

„ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ამნისტიის არცერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს. ოპოზიციაში ჭარბობენ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. ეს ადამიანები არაერთგზის არიან გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაუსვა წერტილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს. დღეს მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო და უკვე სხვა წყაროებს აღარ იშველიებენ. აქედან ჩანს, როგორ დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომლებიც მას სწორედ კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button