ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა, დაზიანებულია.
“სახურავი რომ მოხადა, თან ოთახში ჭერი ჩამოვარდა. ბავშვები აქ იყვნენ, შემთხვევით გადავრჩით. აღარც სახურავი გვაქვს და კედელიც დაზიანებულია. თან წვიმდა და ავეჯი და ტექნიკა აღარ გვივარგა. ვიღაცამ უნდა მოგვხედოს და დახმარება გაგვიწიოს”- ამბობს სოფელ მაწიმის ერთ- ერთი მცხოვრები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ სოფლებში უკვე მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები.
„საბოლოო მონაცემები, რომ გვექნება, მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ფორმით დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. წელს სტიქიამ ჩვენი მხარე ძალიან დააზარალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე საცხოვრებელ სახლს ჰქონდა გადახდილი სახურავი. მათ უკვე უკვე დავეხმარეთ გადასახური მასალებით. დახმარება ახლაც იქნება”- ამბობს მდივნიშვილი.
შეგახსენებთ, 11 ივლისს, საღამოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის თემში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ნაწილში წვიმის წყალი ჩავიდა და ავეჯთან ერთად, ტექნიკაც დააზიანა.
წაქცეულმა ხეებმა დაამტვრია საბავშვო ბაღის ეზოში მოწყობილი ატრაქციონები, დაზიანებულია ასევე სოფლის სასაფლაო.
სტიქიამ დააზიანა ელექტრო- გადამცემი ხაზები და დაგლიჯა საყრდენი ბოძები.
ძლიერი ქარისა და წვიმისაგან, ასეულობით ოჯახს სიმინდისა და საზამთროს ბაღები სრულად გაუნადგურდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით რამდენჯერმე მიყენებული ზიანისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მთლიანობაში, 1 872 000 ლარი უნდა მიიღოს.