პარლამენტი 18-19 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს-სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა
“პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა.
„რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება რიგგარეშე სესია. სავარაუდოდ, ხუთშაბათი პარასკევი, 18-19 ივლისი იქნება რიგგარეშე სესია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპროკურორო საბჭომ, პარლამენტს, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.