მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 870-ე დღე უკრაინაში -რუსეთმა 1030 ჯარისკაცი, 48 საარტილერიო სისტემა და 23 ჯავშანტექნიკა დაკარგა

ომის 870-ე დღე უკრაინაში -უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა 1030 ჯარისკაცი, 48 ერთეული საარტილერიო სისტემა და 23 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მათივე მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, სულ მცირე, 556,650 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს მოუწოდა, გააუქმონ შეზღუდვები შორ დისტანციაზე იარაღის გამოყენების შესახებ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთთან ომში გარდამტეხი ფაქტორი გამოდგეს.
ცნობისთვის რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში 6 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 20 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, რუსებმა კრამატორსკის ოლქის, ქალაქ ლიმანში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მინიმუმ ერთი კერძო მანქანა.

პოკროვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.

სულ მცირე 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა ქალაქ კოსტიანტინივკაში ინტენსიური დაბომბვისა და ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. სამაშველო სამუშაოების დროს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 2 ცხედარი ამოიყვანეს.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 13 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 5 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 4 ჩამოაგდეს, ხოლო 1 დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

თუმცა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც ირკვევა, ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა სოტნიცკი კაზაჩოკი დაიბრუნეს და ოთხი საბრძოლო მიმართულებით წინ წაწევა შეძლეს.

ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები დაკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button