„ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობის შენარჩუნებას და ევროპისკენ სვლას-ოცნება

მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი მხარს დაუჭერს სწორედ მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას, რაც ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წინაპირობაა.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მათი გუნდი 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
“ქართული ოცნება” არის ერთადერთი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს არჩევნებზე, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალზე.
ჩვენ საზოგადოებასთან წარვსდექით ერთადერთი მოწოდებით – მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით არის შანსი, რომ ევროპისკენ ვიაროთ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგვიჭიროს ხალხი, რადგან ჩვენ ახლა მძიმე ბრძოლაში ვართ ჩართულები, რადგან უამრავი აქტორია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი,”- აცხადებს არჩილ გორდულაძე.
საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს მოსახლეობის ინტერესებს. დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, წინსვლა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
კალაძის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.
„გუშინ ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო გაკეთებული. ხაზი გაესვა არსებულ ვითარებას, რა მიმართულებით გვიწევს მუშაობა, რა არის გამოწვევები, საფრთხეები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არსებობს საფრთხეები და არიან ძალები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის ინტერესებს და ზეწოლის, მუქარის მიუხედავად, ეს დამოკიდებულება ბოლომდე ასე იქნება. ჩვენ შევინარჩუნებთ და გავატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ისე, როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა ოცნების ლიდერის თქმით “ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს:
“ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს ყველა მონაცემებით, მათი კვლევებითაც კარგად ჩანს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც იცავს ქართულ ინტერესს, ატარებს ქართულ პოლიტიკას, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. საზოგადოება აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით, ვინ გვიტევს, საიდან მოდის ზეწოლა, შანტაჟი და მუქარები,” – აცხადებს კახა კალაძე.
საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, რაც ქვეყანაში 2008 წელზე უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა.
„საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, მებრძოლების გაგზავნასა და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით ევროპაში შესვლა თუ ისევ ტრაგედია გვინდა, რაც ვიღაც აქტორების მხრიდან იქნება ტაშდაკრული, ეს საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ მათი მხრიდან მშვიდობაზე საუბარი ხალხის მოტყუებაა.
„არ ახსოვთ, რა მოხდა 2008 წელს? ჩვენ ვერ ვუყურებთ იმას, რა ხდება დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში? ამიტომ, მშვიდობა ეს ისაა, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ალტერნატივა არ გააჩნია. ვინც მშვიდობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სწორედ ისინი არიან, ვინც საქართველოს წუთიერი, თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გამო ომისკენ უბიძგებდნენ. გახსოვთ, 2008 წლის წინაისტორია როგორი იყო? სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი მეორეზე უდიდესი შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მოიგო და საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თავისი პროვოკაციული ქმედებებით საქართველოში რუსული აგრესია მივიღეთ, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის, სახელმწიფოს გრძელვადიანი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა.
„პოლიტიკური პროვოკატორები პოლიტიკური მიზნის გამო ქვეყანას სწირავენ. „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც პროვოკატორების ცილისწამებას არ აჰყვა და ქართველი ერის, სახელმწიფოს გრძელვადიანი, შორს მიმავალი და ფუნდამენტური ინტერესები დაიცვა. ომის დამნაშავე და აგრესიის წყარო რუსეთის ფედერაციაა. რა თქმა უნდა, ეს უპირობო მოცემულობაა, რასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოებში სამი პროცესი მოიგო. საუბარია იმაზე, იმ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელება. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, წინა ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებდა, რა წინდაუხედავ და პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებდა, რამაც რუსეთს ამ აგრესიის განხორციელება გაუადვილა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.