2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა
2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ზრდის ტენდენცია სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით დაფიქსირდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების სახით, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ასევე აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 9.3 პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 1.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 1.9-პროცენტიანი მატება კვების პროდუქტებზე და 3.6-პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 4.9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4 პროცენტი);
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8 პროცენტი) და სასმელები (9.1 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.319 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 %-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $2.847 მილიარდს შეადგენს (შემცირებულია 6.7%ით), ხოლო იმპორტი $7.471 მილიარდი (გაიზარდა 0.2%-ით). ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის 6 თვეში, $4.624 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.
საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის. საქართველოს უმსხვილესი 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით:
ყირგიზეთი – $453.402 მლნ;
ყაზახეთი – $354.300 მლნ;
რუსეთი – $340.083 მლნ;
აზერბაიჯანი – $318.197 მლნ;
სომხეთი – $278.323 მლნ;
თურქეთი – $243.789 მლნ;
ჩინეთი – $145.843 მლნ;
უკრაინა – $55.074 მლნ;
შვეიცარია – $52.886 მლნ;
უზბეკეთი – $50.904 მლნ
საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები, ღვინოები, ფეროშენადნობები და სპირტიანი სასმელებია.
რაც შეეხება იმპორტს, TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
თურქეთი – $1.2 მლრდ;
რუსეთი – $857 მლნ;
აშშ – $771.2 მლნ;
ჩინეთი – $709 მლნ;
გერმანია – $498 მლნ;
აზერბაიჯანი – $279 მლნ;
იაპონია – $207 მლნ;
იტალია – $200 მლნ;
საფრანგეთი – $150.9 მლნ;
ჰონ-კონგი – $143.9 მლნ.
მთავარი იმპორტირებული საქონელია მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები.