ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ცხოვრება იზოლაციაში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

„ცხოვრება იზოლაციაში”, – ასე უწოდებს თავის ყოფას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები, 22 წლის მარიამ ჯადუგიშვილი. მარიამს ცერებრალური დამბლა აქვს და ეტლისა და მშობლის დახმარების გარეშე, გადაადგილება არ შეუძლია. სკოლის დასრულების შემდეგ, არაადაპტირებული ტრანსპორტის გამო, მან უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოახერხა. გოგონა ამბობს, რომ აღნიშნულმა მისი საზოგადოებისაგან მოწყვეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია.

 

მარიამ ჯადუგიშვილი:

„4 წელი დეპრესიაში ვიყავი სერიოზულად. ჯერ მარტო იმიტომ, რომ დაავადების მხრივ და მეორეც იმიტომ, რომ აღარ გავდიოდი არსად. სკოლა რომ დამთავრდა, დავრჩი სახლში. და მით უმეტეს, რომ მქონდა იმის საშუალება, რომ განათლება მიმეღო, ეს მე ვერ მივიღე და ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებდი და ვუყურებდი, ჩემი კლასელები როგორ სწავლობენ, როგორ ვითარდებიან და მე ამ ყველაფერს ვერ ვიღებ, ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე.“

მარიამ ჯადუგიშვილი თვლის, რომ ეტლით მოსარგებლე პირების იზოლაციის დასაძლევად და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ტრანსპორტის მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი და პრობლემა  კვალიფიციური სპეციალისტებისა და თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთობლივი მონაწილეობით უნდა გადაწყდეს.

მარიამ ჯადუგიშვილი:

„როცა ჩვენ ეტლით ვსარგებლობთ, გვჭირდება რაღაც მოსაბრუნებელი არეალი და თავიდან, სიჩქარის ასაკრეფი ზონა, საიდანაც ჩამოსული პანდუსზე ავალთ. იმიტომ, რომ ასე პირდაპირ არ შეგვიძლია ახტომა. გარდა ამისა, ეს პანდუსი რომ ჩამოვა, უნდა გაუსწორდეს იმ ტროტუარს, რომ მე უსაფრთხოდ ავიდე და არ ამიყირავდეს ეტლი. ამას გარდა, მძღოლი გათვითცნობიერებული უნდა იყოს, როგორ იხმაროს პანდუსი.“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების ასოციაციის დამფუძნებელი მირანდა ფაიქიძე რადიო „თბილისთან“ ჰყვება, რომ არაადაპტირებული ტრანსპორტის გამო, ეტლით მოსარგებლე პირები ორგანიზაციის ღონისძიებებსა და პროექტების პრეზენტაციებს ვერ ესწრებიან და მათთვის, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დანერგილი მწირი სერვისებიც კი, ხშირად, მიუწვდომელია. მირანდას დაკვირვებით,  უტრანსპორტობას ასეთი ადამიანების საზოგადოებისგან გარიყვა, ფინანსური პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოსდევს.

მირანდა ფაიქიძე

მირანდა ფაიქიძე:

„არ არის მოწესრიგებული გზები გადასაადგილებლად, რომ ამ ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება. მე განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე, რომლებსაც, ფაქტობრივად, ჩვენს მუნიციპალიტეტში არ აქვთ ადაპტირებული შენობა, ვერ ერთვებიან სხვადასხვა შეხვედრაში, თინდაც, ჩვენი თემის მიერ მოწყობილ შეხვედრებში. იძულებულნი ვართ, მათთან მივიდეთ სახლში და იქ მოვაწყოთ ეს შეხვედრა. ეს არაადაპტირებული გარემო, ადამიანების სახლში ჩაკეტვა იწვევს მათ ფინანსურ კრიზისს. მშობლის დამოკიდებულება… ვერ მუშაობს მშობელი და ეს ორმაგად აწვება ოჯახს. სოფლებიდან ვერ ერთვებოდნენ ბავშვები სარეაბილიტაციო ცენტრებში და ეს უკვე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ორმაგად ამძიმებდა.“

კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი  ეთერ შიუკაშვილი ამბობს, რომ ეტლით მოსარგებლე პირებს უჭირთ როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, ის პრობლემად მიიჩნევს ფინანსური რესურსის, კვალიფიციური სპეციალისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისაწვდომობის ეროვნული გეგმის არარსებობას, რომლის მიღებასაც სახალხო დამცველი მთავრობისგან ჯერ კიდევ 2023 წელს ითხოვდა.

ეთერ შიუკაშვილი

ეთერ შიუკაშვილი:

„მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ სერვისებით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშნელოვანი. სახალხო დამცველს აქვს ხოლმე რეკომენდაცია, რომ თუ ვთქვათ, კონკრეტულ თანამდებობის პირებთან უნდა გასაუბრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ეს ადამიანები მოერგონ მათ საჭიროებებს და ესენი კი არ ავიდნენ, პირობითად, მესამე სართულზე მათთან შესახვედრად, [არამედ] თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ.“

როგორც აღმოჩნდა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან ფუნქციონირებს, დიდწილად, უმოქმედოა. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტს ის 2019 წლის შემდეგ არ მოუწვევია. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე ადასტურებს, რომ ასეთი საბჭოებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისთვის წარსადგენად, სამხარეო ადმინისტრაციაში  წინადადებები არ შესულა. გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის დახმარებით, რეგიონში ადაპტირებული ავტობუსების რაოდენობა იზრდება და პერსონალიც შესაბამის გადამზადებას გადის.

სამხარეო ადმინისტრაცია

პლატონ კალმახელიძე:

„კახეთის რეგიონში შშმ პირებზე ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი აქამდე არ ყოფილა და შესაბამისად, ახალი ტრანსპორტი უზრუნველყოფს მომსახურებას როგორც შშმ პირების, ასევე ყველა მგზავრის გადაადგილების. თელავის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გადამზადდნენ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ავტობუსების გადაცემის დროს, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, ადაპტირებული მომსახურების გაწევის მიზნით.“

2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, “შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ” პირველივე მუხლი განსაზღვრავს, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, დისკრიმინაციის გარეშე, სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება უნდა მიიღონ. თუმცა, კანონის ამ და სხვა ჩანაწერებმა, ეტლით მოსარგებლე პირები, ჯერჯერობით, ვერ დაიცვა.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button