მნიშვნელოვანისიახლეები

საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში უფრო მალე დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ომი უკრაინაში უფრო მალე დასრულდება. მისივე თქმით, შედეგად, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და ის უფრო სამართლიანი გახდება.
ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ დაასრულებს უკრაინაში ომს. ის ამტკიცებს, რომ ომების შეჩერება ერთი ზარით შეუძლია.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს, ამხელა ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას – ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი,” – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, ქართულმა ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათი გათვლებით, არჩევნებში სწორედ ტრამპი გაიმარჯვებს.
“ოპოზიცია არამხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით, ტრამპი, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს. თუმცა, ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში,” – აცხადებს პრემიერი
გარდა ამისა ტრამპის გამარჯვება უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირის საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება.

„გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ საქართველოს კონფლიქტი აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“, – თქვა ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს არჩევნებზეც და იმაზე, თუ როგორი იქნება “ოცნების” სია. კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა თავად ამ სიის პირველი ნომერი.

პრემიერის თქმით, სიის წარდგენამდე ორი თვეა დარჩენილი და “ტრადიციულად ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”.

“თუმცა მანამდე ალბათ სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით, როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად, მანამდე ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – თქვა კობახიძემ

მსგავსი პოსტები

Back to top button