მნიშვნელოვანისიახლეები

1 აგვისტოდან „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია დაიწყება-ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით რაც შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზაში არ დარეგისტრირდებიან, ბრეგაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ისინი კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას, 25 000 ლარს გადაიხდიან, შემდეგ კი იძულებით აღსრულება მოხდება.
“1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

თუკი რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც ექცევა ამ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და სანქციის სახით გათვალისწინებული არის 25 000 ლარის ჯარიმა.

ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა, მეტს არავინ ეკითხება”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

რატი ბრეგაძეს კითხვა “აგენტების კანონზე” „ფორმულის“ ჟურნალისტმა დაუსვა. მინისტრმა თავდაპირველად თქვა, რომ არ უპასუხებდა შეკითხვას, რადგან მისი დასმის დროს ჟურნალისტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნაცვლად „აგენტების კანონი“ ახსენა.

მინისტრი: მაგ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, სანამ კანონის სახელს არ იტყვით სწორად.

ჟურნალისტი: მსოფლიო ეძახის ამ კანონს [„აგენტების კანონს“] ასე.

მინისტრი: მე გითხარით, თქვით კანონის სახელი.

ჟურნალისტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მინისტრი: აი, ეგრე კი ბატონო.

ჟურნალისტი: ხომ იცანით, რომელ კანონზეც გეუბნებოდით.
მინისტრმა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება იმ ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაცია ბაზაში, რომლებიც ამას თავად არ გააკეთებენ.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, არას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ დაემორჩილებიან აღნიშნულ კანონს.

რუსული კანონი სამი სარჩელით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button