მნიშვნელოვანისიახლეები

ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოცანაა და ეს საზოგადოებამ იცის-თურნავა

ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია და საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ფასების სტაბილურობის განმტკიცებისთვის აუცილებელი ხდება ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამას ყოველთვის ვაკეთებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად და დაბალანსებულად. სახეზეა მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის ძალიან კარგი თანაფარდობა.
„ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მდგრადი განვითარების სურათი და მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუსკვო უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ბანკს ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკა აქვს გაცხადებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულიდან, 11%-დან რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეის მონაცემებით, ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, რომლისკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით. ახლა ვდგავართ 8%-ზე, თითქმის მივუახლოვდით ნეიტრალურ განაკვეთს და უფრო ნელი ბიჯებით გავაგრძელებთ ამ სვლას. ჩვენთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ გლობალური რისკები როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. პირველ რიგში, ეს არის იმპორტული საქონლის ფასებთან არსებული გაურკვევლობა – გლობალურ ბაზრებზე ნავთობსა და სასურსათო ნედლეულზე ფასების მერყეობა, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდა. ეს გაურკვევლობა საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიჩენთ მეტ სიფრთხილეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, სებ-ი ფასების სტაბილურობას ინარჩუნებს.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც ძირითადად შიდა მოხმარებით არის განპირობებული. თავის მხრივ, მოხმარების ზრდა გაზრდილი საკრედიტო აქტივობითაა განპირობებული. კერძოდ, მისი თქმით, სესხების ზრდის ტემპი არის საკმაოდ მაღალი – 18-19%, თუმცა მდგრადი. თურნავას განცხადებით, მიუხედავად, მაღალი ეკონომიკური აქტივობისა, გაზრდილია ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი და მომატებულია კონკურენცია კერძო სექტორში, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ამცირებს.

ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 % იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მიუახლოვდება მიზნობრივ 3%-ს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს.
სებში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის მიმართ ფრთხილი მიდგომა, იმისთვის, რომ ინფლაციამ არ მოიმატოს.

დღეს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე დაბლაა. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი, საშუალოდ 1.9% იქნება. მომდევნო სხდომა 11 სექტემბერს დაინიშნა.

“მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი დავტოვეთ უცვლელად 8%-ის დონეზე. საქართველოში ინფლაცია კვლავინდებურად მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება, დაბალია. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მხოლოდ 1.4%. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს პირველ რიგში. ეს ერთის მხრივ ეკონიმიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზაციაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა როგორც გამკაცრების, ასევე დროული შერბილების დაწყების თვალსაზრისით,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4 პროცენტს შეადგენდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა, როგორც გამკაცრების ასევე შერბილების მიმართულებით. მეორე მხრივ, დაბალ ინფლაციას ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენცია უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას, კვლავ მაღალია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.

აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button