მნიშვნელოვანისიახლეები

ირანი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი-პრემიერი კობახიძე

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა

ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.

„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.

რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“,-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა ეს უხერხულობას, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს მარტივი სპეკულაციაა“.

„იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა, მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.
„ვიდეოში, სადაც დარბაზი სკანდირებს – „სიკვდილი ისრაელს“, „სიკვდილი ამერიკას“, კობახიძე ჰამასის ლიდერის გვერდით ზის“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ ფეისბუკში და ვიდეოკადრები გაავრცელა.
პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა – “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ. კობახიძემ თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით “თემის აწევა” ლომჯარიას “დაავალეს”.

ლომჯარიას თქმით, კობახიძის გათვლები არასწორია, რაგდან მისგან საშიში, ან საფრთხის შემცველი ფიგურის გამოყვანა წარუმატებელი იქნება.

“არასდროს ის არ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და ყოველთვის სხვისი ბრალია რაც ხდება, სხვისი ბრალია, რომ გავრილოვი ჩაჯდა მის სკამში, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს ჩვენი მეგობრები უკვე აღარ უჭერენ მხარს, იმიტომ რომ ქართული დიპლომატია ვერ მუშაობს, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს ჯარს შეუჩერეს ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება, სხვისი ბრალია, რომ ის წავიდა ირანში და ტერორისტის გვერდით იჯდა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი ალბათ სურათები და ვიდეო ძალიან კარგად ასახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ეს არის ვიზუალური გამოხატულება, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის ბუნებრივი ადგილი ირაკლი კობახიძის და მისი მთავრობის.

წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვარ სამიზნე, საინტერესოა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასწორია მისი გათვლები იმიტომ, რომ ჩემგან საშიში, ან საფრთხის შემცველი ფიგურის გამოყვანა, მე ვფიქრობ, რომ წარუმატებელია,” – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი იმედაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და მშვიდობა სჭირდება, რაც ქვეყანას ევროკავშირში ელოდება, ბლოკი კი 26 ოქტომბერს ქართველებისგან ელოდება პასუხის, გვსურს თუ არა მისი წევრები გავხდეთ.

“ერთიანობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, “ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აქციონ აზიური ტიპის დიქტატურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მათ შორის, ჩვენ ისტორიულ-პოლიტიკურ დნმ-ში მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური სამყაროსადმი”.

“კოალიცია ძლიერი საქართველოს” წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, “ტერორისტებთან ერთად სიარული და მათთან ერთად გამოჩენა და ყოფნა არის ბუნებრივი განაცხადი, პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო, “ქართული ოცნების” პირობებში საკუთარ თავს ხედავს ტერორისტულ ჯგუფებთან, კრემლთან და ჩინეთთან ერთად”.

შეგახსენებთ გუშინ, 30 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში დაესწრო ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაჟღერებულ შეძახილებზე („სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“) ყურადღება გაამახვილა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button