რუსეთმა “გადაჭრით დაგმო” თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მოკვლა

რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა “გადაჭრით დაგმეს”.
ეს განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და თქვა, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
“ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების წინააღმდეგ და, მეტიც, [ასეთ ქმედებებს] შეუძლია მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის მოხდენა ისედაც დაძაბულ ვითარებაში”, – თქვა კრემლის სპიკერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰანიეს მკვლელობას „სრულად მიუღებელ პოლიტიკურ მკვლელობას“ უწოდებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა „დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მიზნად ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს.
„თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობას ვგმობთ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში
შეგახსენებთ “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და “ჰამასის” განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჰამასის” განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის “დარბევის” დროს მოკლეს. დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო “მშიშარა საქციელი”, რომელიც “უპასუხოდ არ დარჩება”.
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ “ინციდენტის” მიზეზი დაუყოვნებლივ არ არის ნათელი, მაგრამ მიმდინარეობს “გამოძიება”, ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. ჯგუფის ცნობით, ჰანიე დაიღუპა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, რომელმაც სამშაბათს ფიცი დადო.
ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.
როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.