დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები

ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, [ირანში] რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა? – ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ანტიეროვნული ნაბიჯია.
„რუსული კანონი“ სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე 95 მილიონი დოლარი დაბლოკეთ, მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ერთი ხელით, 95 მილიონი დოლარი დაბლოკე, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის არამღიარებელ ორი კონკრეტული ორგანიზაციის ლიდერს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული. არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება და აპირებ თუ არა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადო? კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება, კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი ამ ანტიქართული ქმედების გამო? 95 მილიონი დოლარით მაგალითად, 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, ან შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის. აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადოთ ქართველ ხალხს, რომ თქვენ იმ ადამიანებს ჩამოართვით ხელი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. არის თუ არა, ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი და მეორე მხრივ, აპირებ თუ არა ბოდიში მოიხადო იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო 95 მილიონ დოლარს არ მიიღებს. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა ტაშს?“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დახმარების შეწყვეტა, რომელიც ქართველ ხალხს მოაკლდება, რამდენად სწორია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ვაშაძემ უპასუხა, რომ „ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ დანაშაულია“.
„მათ ძალიან კონკრეტულად თქვეს, იღებთ „რუსულ კანონს“? ჩვენ გადავხედავთ სტრატეგიულ პარტნიორობასო. თუ გვინდა ეს 95 მილიონი დოლარი და მასთან ერთად 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ერთიანობით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ნორმალური განვითარების გზას დავადგეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, უკვე აშშ-მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს – მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური, პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით, რაც ფაქტობრივად, ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას ნიშნავს.
“ბოლო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეჩერებულმა დახმარებების მოცულობამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ვიცით, რომ დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, აი, აგერ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს და მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით. ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, გაგრძელდება უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის იზოლაცია, როგორც არის მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდი, ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელზეც დგას დღეს მთელი სახელმწიფო და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა. ჯერ კიდევ იკავებენ თავს და სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ელოდებიან არჩევნების შედეგებს. თუ ეს ხელისუფლება დარჩა ძალაუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს ფაქტობრივად, ნიშნავს ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას.
აი, ასეთი დანაშაული ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ” , რომელმაც საკუთარი ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენა და აგერ, “ჰამასის” იმ ტერორისტის გვერდით ზის Საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ ააფეთქეს და ხედავს რა გარემოცვაში აღმოჩნდა ქვეყანა. დანაშაულს სჩადის “ქართული ოცნება”, ქვეყანას ღალატობს, ღალატობს კონსტიტუციას და ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დასაყენებლად არის ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით,” – განაცხადა გოცირიძემ.
დანიამ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა
როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან – ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, მათ შორის, სერიოზული რისკის ქვეშაა ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი.
როგორც ლილუაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდი ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი.
“ქართული ოცნება”, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ზრდის ციფრებით, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახვევს საზოგადოებას საკუთარ სიამაყეს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, არის ხელისუფლება, რომელმაც შეაჩერა, გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაამძიმა და დააზიანა ქვეყნის ურთიერთობები. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი შედეგები, მათ შორის, ფინანსური. როცა ვლაპარაკობთ ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ყველამ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის, დამოკიდებულია სწორედ ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი ათეული წელია ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ეს შეეხება საგრანტო დაფინანსებასაც, შეეხება ფაქტობრივად, დაბალ პროცენტიან დაფინანსებასაც, შეეხება საბიუჯეტო და არასამთავრობო სექტორიდან დახარჯულ ფინანსურ რესურსსაც. ამ ფინანსური რესურსის წყალობით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელი იყო აქამდე და ახლა უკვე სერიოზული რისკის ქვეშ დგას, მათ შორის, ლარის გაცვლითი კურსი, რომლის შენარჩუნებაზეც ასეულობით მილიონი დოლარს ხარჯავს ეროვნული ბანკი. ისტორიულ მინიმუმზეა ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო, თუ საშინაო ფინანსური სტაბილურობის პრობლემები და რისკები ძალიან მაღალ დონეზე დგას. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რეალურად იზრუნოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწრაფად გახადოს ქვეყანა მოლაპარაკებების ნაწილი და შემდგომ უკვე ევროკავშირის ნაწილი, გამოდის და ყოველდღიურად ჟონგლიორობს ეკონომიკური ციფრებით, რომლიდანაც მიღებულ დოვლათს სრულად ინაწილებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანების და ოჯახების ჯგუფი. რეალურად, გვჭირდება ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს შეეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებასაც და ეკონომიკასაც. ამიტომ ამ მძიმე მოცემულობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია არჩევნებზე და ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გაშვება,” – განაცხადა ლილუაშვილმა.
არ მგონია, „ქართული ოცნება“ ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.
„ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და „ქოცები“, პატრიოტობის ნიღბის მიღმა, სინამდვილეში, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ფასად ცდილობენ, ძალაუფლება შეინარჩუნონ.
არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს. თუ გვინდა, რომ ამ მოჯადოებული კავკასიური ცარცის წრიდან გამოვიდეთ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს ამ არჩევანის გაკეთება და შემოდგომაზე ერთპიროვნული მმართველობის დასრულება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით “ქართულ ოცნებას” ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, ეკონომიკისთვისაც მძიმე დარტყმაა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. “ოცნებას” მივყავართ საერთაშორისო იზოლაციისკენ. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის და ამიტომაც არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ნაბიჯი.
მეორე მხრივ, ამას მხოლოდ პოლიტიკური განზომილება არ აქვს, ამას აქვს ეკონომიკური განზომილება. ჩვენი ქვეყნის ინვესტორებისთვის და, განსაკუთრებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის უმძიმესი სიგნალი, რომ შეერთებული შტატები აჩერებს პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პოლიტიკური პლატფორმის “ერთიანობის” წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობების სრული და სიღრმისეული გადახედვა, რომლის მიზეზიც “ქართული ოცნების” ქმედებებია.
“მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობების სრული და სიღრმისეული გადახედვა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადადგა. 95 მილიონი დოლარი არის დაბლოკილი. დაბლოკვის მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლების ქმედებები”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.