მნიშვნელოვანისიახლეები

თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის” შეუერთდა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი და არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.

თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილი რეფერენდუმი იქნება.

თეონა აქუბარდიამ ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც გახდა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.

„ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად, არის: პირველი – „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა“, – განმარტა აქუბარდიამ.

„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.

გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქი ხონში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ, გაათავისუფლა ორი სკოლის დირექტორი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს „ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს „ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“,- განაცხადა გახარიამ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე გადაჯგუფებები გაუგებარი და ეკლექტურია.

“უკანასკნელ ხანებში მომსწრე ვართ, აბსოლუტურად გაუგებარი და ეკლექტური გაერთიანებების. ამ გაერთიანებასაც ამ რიგს მივაწერდი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს ხალხი კი იმდენად უშინაარსოდ უერთდება ერთმანეთს, რომ ამ ხავსმოჭიდებულ რეიტინგებს მომატების ნაცვლად კიდევ უფრო დააკლებენ,”- აცხადებს ბექა ოდიშარია.

თეონა აქუბარდია მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გახდა. 2022 წლის ოქტომბერში მან გიორგი ვაშაძის გუნდი დატოვა. აქუბარდია დღემდე პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრია ხათუნა სამნიძესთან, გიორგი ვაშაძესთან, პაატა მანჯგალაძესა და ტარიელ ნაკაიძესთან ერთად.

მსგავსი პოსტები

Back to top button