დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება – ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, “ჯვაროსნები” ბრძოლას უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იწყებენ.
ვილი სანიოლის გუნდი, ერთა ლიგის პირველ ტურში, კარგად ნაცნობ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპირველობაზე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ დასრულდა.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.
ფაქტები
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე სეზონს იწყებს. ამ ტურნირზე „ჯვაროსნების“ სტატისტიკა ასეთია: 11 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება, ბურთები 34:11.
ერთა ლიგაზე თამაში საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონიდან დაიწყო, ახლა კი პირველად იასპარეზებს B დივიზიონში.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში პირველად 2024 წლის ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა (1:1).
ევრო 2024-ზე ჩეხეთთან ჩატარებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელსაც იმ მატჩში 11 მოგერიება ჰქონდა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საკუთრ მოედანზე 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხში ვერ შეძლო გოლის გატანა – კოსოვოსთან (0:1), ბულგარეთთან (0:0) და ორჯერ საბერძნეთთან (0:2, 0:0). ბერძნებთან 0:0 დასრულებული შეხვედრა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი იყო, საქართველომ პენალტების სერიაში მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
ჩეხეთის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო ალბანეთთან (0:3), სამი მოიგო და სამი ფრედ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ახალ სეზონში ალაბანეთი საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მეტოქეა (უკრაინასთან ერთად) – „ჯვაროსნები“ ტირანაში 10 სექტემბერს ითამაშებენ.
2021 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შინ 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში დამარცხდა (2023 წლის 8 სექტემბერს ესპანეთთან 1:7). 8 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა. ბოლო ხუთი მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა. საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში ერთხელ შეხვდა – ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა 22 ივნისს ჰამბურგში 1:1 დაასრულა.
ამ შეხვედრამ „ჯვაროსნებს“ ჯგუფიდან გასვლის იმედი შეუნარჩუნა და ეს შანსი შემდეგ პორტუგალიასთან მოგებით (2:0) გამოიყენეს. ახლა „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ეთამაშებიან (კიდევ ერთი მატჩი ნოემბერში გაიმართება) – გასულ სეზონში საქართველო B ლიგაში დაწინაურდა, ხოლო ჩეხეთი A ლიგიდან გავარდა.