მნიშვნელოვანისიახლეები

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში-84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა

84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება – აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.

პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება – აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს.

საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება “სისხლის სამართლის კოდექსის” 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, კანონი არის მაქსიმალურად დაბალანსებული.

“ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს:

პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის 1/2-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება.

ცნობისთვის ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.

ამასთან ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 84 ხმით “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button