სენატორები – შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით

შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).
განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს.
განცხადებაში სენატორები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ხელისუფლება სენატში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადების გამო “სჯის”.
ასევე აღნიშნავენ, რომ ანტიკორუფციულის განცხადება დასტურია, რომ “ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს, რათა დასაჯონ დამოუკიდებელი ხმები”.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები ‘განსაზღვრული საარჩევნო მიზნით’. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მონიტორინგული მისიების მომზადებაში, მაგრამ საარჩევნო შეჯიბრის მხარეები არ არიან. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმისდა მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.
არაკეთილსინდისიერია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ‘არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებისა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა ინსტრუმენტების’ შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის. მის შესახებ გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად,” – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.