19-მა პარტიამ წარადგინა პარტიული სია-ცესკო-ში დასრულდა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენა

დღეს, 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენა. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, ჯამში 19-მა პარტიამ წარადგინა პარტიული სია, მათგან ერთის სია უკვე რეგისტრირებულია. დანარჩენი კი რეგისტრაციის პროცესშია.
ცესკო ჯერჯერობით არ აზუსტებს პარტიების ჩამონათვალს, როგორც მათ განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს.
„სიების დამუშავების შემდეგ, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში, შესაბამისად, ვის ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, – თქვა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
სიასთან ერთად ცესკოში დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები წარადგინეს, რომლებიც მოგვიანებით ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება.
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ დეპუტატობის კანდიდატების სიები 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა ნაწილმა პრეზენტაცია უფრო ადრე გამართა.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა წარუდგინა. სწორედ მამუკა მდინარაძისგან გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტიის სია, 150-ის ნაცვლად, 170-კაციანია. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში “ოცნების” გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება და, ძველ სახეებთან ერთად, დეპუტატის პორტფელს ახალი სახეებიც ჩაიბარებენ. “ქართული ოცნების” გათვლებით, მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა მომავალ პარლამენტში ასს – მინიმუმ რამდენიმე ათეულით გადასცდება. გრძელი სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, ათეულს კი “ოცნების” სხვა ლიდერები ინაწილებენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 155-კაციანი სია წარუდგინა “ნაციონალური მოძრაობის”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ევროპული საქართველოს” ერთობამ. ცესკო-ში სიის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი ხუთეულის შემადგენლობაც.
გიორგი გახარიას პარტიამ საარჩევნო სია ცესკო-ს წარუდგინა, თუმცა გაირკვა და საბოლოოდ დაზუსტდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი პრეზენტაციის დროს არათუ გამორჩა, არამედ სიაში საერთოდ არ ჩაუწერია.
გახარიას გუნდთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, კოალიციამ “ძლიერი საქართველო” ცესკო-ს მათი გაერთიანების ბაზაზე შედგენილი 108-კაციანი სია გადასცა. საარჩევნო ადმინისტრაციაში მისვლამდე, “ლელოს” შტაბში სიის პრეზენტაცია გაიმართა. პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძე იქნება. აღმოჩნდა, რომ სიაში არ იქნებიან, გუშინ, დემონსტრაციულად წარდგენილი გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი.
ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა და თენგიზ თევზაძე – ასეთია ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიის პირველი ხუთეულის შემადგენლობა. ცესკო-ში სიის წარდგენის პარალელურად, სიის ოცეულიც გასაჯაროვდა. ელენე ხოშტარია, რომელიც მელია-გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, 16 ნომრადაა დასახელებული.
პარტიების ნაწილმა ცესკო-სთვის საარჩევნო სიის გადაგზავნისთვის ელექტრონული გზა აირჩია. ასეთია პარტია ”გირჩი”, სადაც პრაიმერიზის გზით განსაზღვრეს შემადგენლობაც და სიის პირველი ნომერიც – რომელიც იაგო ხვიჩიაა. კოალიციებსა და ერთობებზე უარი თქვეს “ლეიბორისტულ” პარტიაშიც, ამის მიზეზად კი ოპოზიციის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. ტრადიცია ამ პოლიტიკურ ძალას არც 2024 წლის არჩევნებზე დაურღვევია და სიის სათავეს კვლავ შალვა ნათელაშვილი იკავებს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარტიული სიების წარდგენისთვის, ვადა დღეს, 18:00 საათამდე ჰქონდათ. ცესკოს მონაცემებით, ამ შესაძლებლობით 19-მა პარტიამ ისარგებლა.
არაუგვიანეს 6 ოქტომბრამდე კი ცნობილი გახდება, რომელი პარტიაა უფლებამოსილი, 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.