მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს

სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქციამ პარლამენტიდან მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა.

შუქრუთელები პირდაპირ ეთერში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დებატებს ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მიკერძოებული” სიუჟეტი გააკეთა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე. დღეს, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
„ჩვენი სოფელი იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები გამდიდრებისთვის ფიქრობენ. ადამიანებს სიტყვის თქმის უფლებაც არ ეძლევათ, რადგან ისინი დაშინების მსხვერპლი არიან. გამოვიდნენ და თქვან, ვისგან ვართ მართულები! ჩვენ ჩვენი გაჭირვების და უსამართლობისთვის ვართ აქ. მართული ადამიანი 1 კვირაზე მეტი არ გამოვა გარეთ.

ჩვენ უკვე 8 თევა გარეთ ვართ, პირიც კი ამოიკერეს ბიჭებმა იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ყურადღება მიგვეღო. ყველა ორგანოს მხრიდან უსინდისობაა ის, რომ მართულებს გვეძახიან“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ ოცდამეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტმა 11 სექტემბერს თბილისში გადაინაცვლა.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანია “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.

შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახელებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი იყო ავანსი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. ისინი ამბობენ, რომ კომპენსაციის საბოლოო ოდენობა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button