მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიციის კრიტიკა და ოცნების მადლობა ამილახვარს-განათლების მინისტრის გადადგომას შეფასებები მოჰყვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.

მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ-საქართველოს განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ 4 კვირა იქნება და ამ პირობებში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიკავებს ამა თუ იმ მინისტრის თანამდებობას.

„საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადადგება და ვინ დადგება – ან ამილახვარი, ან ქალბატონი წულუკიანი, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ჭანჭიკები – ერთი მინისტრი მეორით შეიცვლება. არც პოლიტიკური ხედვა აქვთ მათ, არც რეფორმების გატარების სურვილი არ აქვთ და უსიტყვო შემსრულებლად ამილახვარი იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ისედაც 4 კვირა დარჩა. ვინც არ უნდა დადგეს, გადადგეს, 4 კვირაში ეს ხალხი აღარ იქნება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა შორის. ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, სხვა რამით არ მაგონდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური ხელისუფლება განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუკავშირებს:

„უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს! რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით. მასწავლებელთა მოტყუება, პოლიტიკური ნიშნით დირექტორების კონკურსის ჩატარება, საბჭოთა მეთოდით სკოლების მართვა, სასკოლო კვების პროგრამის 5 -წლიანი ტყუილი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. მთავარი ისაა, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს და ევროპული სტანდარტების ხარისხს შესთავაზებს ბაღს, სკოლას, პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა თუ მეცნიერებს”,- განაცხადა ტოხვაძემ.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button