განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, წარადგინა.
აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
წარდგენის შემდეგ წულაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა: „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“.
ახალმა მინისტრმა განათლების სფეროს შესახებ მოკლედ ილაპარაკა. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს, მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
. ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 8 აგვისტოდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ცენტრის ფარგლებში მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც გასულ კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ილიაუნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს, რასაც თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ ეთანხმება. წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
2023/12-2024/08 წწ. – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის” მმართველი პარტნიორი;
2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.