მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება-შოლცი

LGBTQI- თემას საქართველოში მკაცრი განხილვის თემაა

საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გერმანიაში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრება და სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მოგზაურობისას არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულარულად ხვდება და სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ საუბრობს.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა მისი მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას ამ კუთხით და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, “თვითგამორკვევის აქტის” მიღებას.
„საქართველომ, მაგალითად, ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. გარკვევით ვიტყვი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება. კარგია, რომ ასეთ შემთხვევებს ყურადღებას აქცევთ და სოლიდარობას ავლენთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
როგორც მან კონფერენციაზე დამსწრეებს განუცხადა, კარგია, რომ ასეთ შემთხვევებს ყურადღებას აქცევენ და სოლიდარობას ავლენენ.
ქვიარ ორგანიზაცია LSVD+ თანახმად, ეს იყო “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში კანცლერის პირველი ქვიარ პოლიტიკური გამოსვლა”.
აღნიშნული ორგანიზაციის ფედერალური საბჭოს წევრი პატრიკ დორი მიესალმა “კანცლერის უცნაურ პოლიტიკურ გამოღვიძებას”. მან ასევე აღნიშნა, რომ გადადგმული “მნიშვნელოვანი ნაბიჯების” მიუხედავად, კოალიციური შეთანხმების მიხედვით დაპირებული კიდევ ბევრი რამ ჯერ კიდევ განსახორციელებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თავად შოლციც ამბობს, რომ კიდევ ბევრია თანასწორობის, პატივისცემის და აღიარების კუთხით როგორც გერმანიაში, ისე – მთელ მსოფლიოში.

კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს – პრეზიდენტმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. საუბარია პაკეტზე, სახელწოდებით “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”.
ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნებს – ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვეტოს უფლებით არ ისარგებლა და კანონს, ხუთი დღის ვადაში, ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პროპაგანდა ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებები დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.
“ქალბატონი ზურაბიშვილისგან მივეჩვიეთ ასეთ არათანმიმდევრულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერ რაღაცას, რასაც ის აკეთებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.
ამ კანონპროექტს მან ხელი არ მოაწერა – რა დაინახა ამ კანონში ცუდი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პროპაგანდა ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა…
ხელს იმიტომ არ აწერს, რომ ეს ევროპული არ არ რის?! იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს?! ეს მისი მხრიდან რაღაც ტიპის ხრიკია, რათა ტყუილში შეიყვანოს საზოგადოება, რომ – აი, ვეტოს არ ვადებ. ვეტოს დადების შემთხვევაში, რა მოტივირებული შენიშვნები უნდა დაედო, მაგრამ ხელსაც არ აწერს. მისი გადმოსახედიდან, მას უნდა, რომ “არც მწვადი დაწვას და არც – შამფური”, მაგრამ საზოგადოებაში ლუსტრირებულია”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

“ხალხის ძალის” წევრის, დავით კაჭარავას განცხადებით, პრეზიდენტმა ვერ გარისკა ვეტოს დადება კანონისთვის “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, რადგან მისთვის ცხადია საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს კანონი საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება და, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
“ჩვენ გვახსოვს ბოლოს, კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი იყო – “იმიტომ”, აქედან გამომდინარე, არანაირ მოტივირებულ შენიშვნებს ჩვენ არ ველოდებით. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და ოპოზიცია ორ ცეცხლშუა არიან იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ასრულებენ პირდაპირ დავალებას. ჩვენ ვიცით, ამ დავალებების უკან თუ რა ძალა დგას და რა პოზიცია აქვთ ამ კანონთან მიმართებაში, მაგრამ ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით ცხადია მათთვის და თავი აარიდა ამ ყველაფერს.
ამ შეხვედრებთან დაკავშირებით სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ეს ადამიანი ამ შეხვედრებს გამართავს ქართველი ხალხის სახელით, თუმცა ვისი სახელით საუბრობს, საეჭვოა ეს ამბავი, რადგან ქალბატონ სალომეს ვინც ხმა მისცა იმ დროს, როდესაც ის პრეზიდენტად იყო არჩეული, დღეს თითოეული მათგანი წინააღმდეგ მოქმედებს თვითონ. აქედან გამომდინარე, მისთვის ნამდვილად სირთულეს წარმოადგენს ეს კანონი.
ამ კანონთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, იცავს ჩვენს ტრადიციებს, არასრულწლოვან ქართველ ბავშვებს. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს დავით კაჭარავა.

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა,- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პატრონებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გათვალისწინებით, ის კანონზე ხელის მოწერას აპირებდა, ამიტომ იგი ჩაიყვანეს, დატუქსეს და შედეგიც სახეზეა – პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა.
“რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა.
სალომეს პატრონებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გათვალისწინებით, ის კანონზე ხელის მოწერას აპირებდა.
ჩაიყვანეს, დატუქსეს და შედეგიც სახეზეა – კანონს ხელი არ მოაწერინეს.
ამას ემატება შოლცის განცხადება, რომ თურმე საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანების ლგბტ პროპაგანდის დაშვებაზე დადის…
რჩება კითხვები?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

საკითხს ეხმაურება ოპოზიცია – პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ კანონპროექტს თავისი სამართლებრივი პრობლემები აქვს.
“ჩვენი გუნდის პოზიცია, პროპაგანდასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით, ნებისმიერი პროპაგანდა არის მიუღებელი. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თქვენ იცით, რომ ამ კანონს აქვს თავისი სამართლებრივი პრობლემები როგორიც არის, მაგალითად, ცენზურის შესაძლებლობა და ა.შ. ამიტომ, დაველოდოთ და მის დასაბუთებას შევხედოთ,” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პლატფორმა ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კანონის მიღება ოჯახებსა და ბავშვებს ფინანსურ პრობლემებს არ მოუხსნის, და დანარჩენი მხოლოდ პროპაგანდაა.
“ჩემთვის ოჯახური ღირებულებებია, როდესაც საქართველოში ყველა ოჯახი არის ძლიერი. გაუგონარ სიგიჟეებზე ლაპარაკობენ, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ მერე რა ხდება, ბავშვები იქნებიან ნაკვებები და აღარ მოშივდებათ ბავშვებს? ის, რასაც ისინი ლაპარაკობენ ,არის პროპაგანდა და შესაბამისად, ქართველი ხალხი ამას კარგად ხვდება და აცნობიერებს, დარწმუნებული ვარ,“ – აცხადებს პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button