მნიშვნელოვანისიახლეები

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“,სტატუსი გაუუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სიტყვა – „გაუმჭვირვალობა“ – შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვალობის გამართლებას. ეს ძალები ეყრდნობიან ფარულ მეთოდებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. მათი საქმიანობა არის დაფარული და გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით. მათი დანახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას.

ანტიკორუფციული ბიუროს მთავარ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის უფლების დაცვა. ამ მიზნით, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი კანონდარღვევა გამოვავლინეთ, ხოლო შესაბამისი სუბიექტები დავუქვემდებარეთ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ჩვენი გადაწყვეტილებები დასაბუთებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი, განცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე მალევე შეუერთდა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს გადაწყვეტილებების უტყუარობა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გადაწყვეტილებით არ იზღუდება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება. აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენს სიცრუესა და სპეკულაციას. ერთადერთი მოთხოვნა არის პოლიტიკური მიზნით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად შევხვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციას, ავუხსენით მათ გადაწყვეტილების შინაარსი და დავუდასტურეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო პროცესთან, სიცრუის ტირაჟირება არათუ არ შემცირებულა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას.

იმ შემთხვევაში თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან.

საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. „სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.

კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა – წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეწონილი არ იქნებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება, ეს უბრალოდ არაფერს იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედებენ, თუმცა „უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი“.

როგორც კობახიძე აცხადებს, ანტიკორუფციული ბიურო არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით მოქმედებს.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისათვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველასათვის ცხადია, ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოქმედებენ დღეს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით. მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას ისინი არც მალავენ, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი შეუფარდა თავის დროზე. თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორე არის სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა.

რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომიდინარე, ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომიდინარე, ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსი შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს უბრალოდ არაფერს იძლევა. ერთადერთ, რასაც ეს იძლევა არის ის, რომ ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით, ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს, ვერც 2024 წელს გააკვირვებს ისეთი შელახული აქვს რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი. კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება რომელიც გავრცელდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button