მნიშვნელოვანისიახლეები

“ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად”-კალაძე

ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერი, სადაც აღნიშნულია, რომ – “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ – პოლიტიკური შეფასებების საგანია. უმრავლესობაში აღნიშნულ ფრაზას რამდენიმე ქვეყნის მაგალითით პასუხობენ და ამბობენ, რომ არის ქვეყნები, სადაც ოპოზიციის აკრძალვის მაგალითები არსებობს.

ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, “ფეისბუქის” ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს , – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და “ქარდებს”, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.
კალაძის შეფასებით, აშშ -ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული “ქარდები” იყო სიცრუე. მისივე თქმით, საელჩოებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების პირდაპირ ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიაში. “ძალიან ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ “ქარდებზეც”, აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს.
ყველა “ქარდზე”, რაც გამოაქვეყნეს იყო სიცრუე, თუნდაც არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში კი 2.5%-ი იყო გაყალბებული, რაც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს ხმებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 50 000 ხმაა, რის მოპარვასაც გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, მომხდარიყო რევოლუცია. ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, რაც არ უნდა საარჩევნო კამპანიებში ჩაერთონ , 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყანა და მშვიდობა გაიმარჯვებს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რამე ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და არა რომელიმე ქვეყნის ვასალი; ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი, როგორც განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ რომელიმე დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, აშშ-ს საელჩოა მიერ დღეს გამოქვეყნებულ “ქარდს” წარწერით: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, კალაძის თქმით, აშშ-ს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა, რადგან მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე პარტიაა აკრძალული .

“ესეც გაუგებარი და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტიაა აკრძალული სხვადასხვა ქვეყნებში. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და იგივე მოლდოვაში რამდენიმე პარტია აკრძალეს ( ზუსტად რამდენი აკრძალეს არ ვიცი). „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სულელი აქ არავინ არის, ყველა ყველაფერს კარგად ვხედავთ”, – განაცხადა კალაძემ.

აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, საელჩოს ფეისბუკგვერდს ქართული ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მართავს. ამის შესახებ მდინარაძემ დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში, როცა საელჩოს ფეისბუკგვერდის ფოტო გააზიარა.
აშშ-ის საელჩო ბოლო დღეებია, ავრცელებს საინფორმაციო ფოტოებს („ქარდს“), რომლებსაც საზოგადოების ნაწილი და მათ შორის „ქართული ოცნება“ მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებად აღიქვამს.
დღეს, 4 ოქტომბერს, გამოქვეყნდა წარწერა: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
„ქართულ ოცნებას“ უნდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ გააუქმოს. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მოიაზრებენ თითქმის სრულად ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ახალსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს გუშინ გავრცელებულ „ქარდს“, რომელშიც ეწერა: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. მდინარაძემ მიიჩნია, რომ ეს განცხადება საელჩოს „საარჩევნო მიზნების“ გამო გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას“ სამართლებრივი გზისთვის არასდროს გადაუხვევია.
“ორმხრივ ურთიერთობებში ასეთი ქარდებით საუბარი არ არის მიღებული, მაგრამ ქარდების შინაარსსაც გააჩნია. მაგალითად, დღეს ვკითხულობთ, რომ დემოკრატიებში ოპოზიციას არ ასამართლებენ და დემოკრატიის შუქურად აღიარებულია სააკაშვილი. იმდროინდელი ხელისუფლება, ეს იყო ორგანიზაცია, პარტიულად წოდებული ორგანიზაცია, რომელიც აწამებდა, ხვრეტდა ადამიანებს და იყო სადისტური და ნაცისტური რეჟიმი. თუმცა, არც მისი აკრძალვა არ მოხდება, რასაკვირველია, კონსტიტუციის დარღვევით ან სასამართლო სისტემის გავლის გარეშე. ამ ორგანიზაციამ თავი გამოიჩინა ბოლო პერიოდში აჯანყებების, რევოლუციური პროცესების განვითარების ორგანიზებით. რასაკვირველია, ქართულ ოცნებას სამართლებრივი გზისთვის არასდროს გადაუხვევია. ოპოზიციის აკრძალვის მაგალითები ვნახეთ ჩვენ უკრაინაში და ასევე მოლდოვაში. ოპოზიციასაც გააჩნია, რასაკვირველია, მაგრამ ასეთი მაგალითები საქართველოში არ ყოფილა, არჩევნები გადაწყვეტს ყველაფერს,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ბოლო თვეებია, აშშ და მისი საელჩო საქართველოში საუბრობენ საქართველოს მხრიდან დასავლეთის მიმართ გაჟღერებულ დეზინფორმაციაზე.

დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკა იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button