პრეზიდენტი ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ხვდება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს ხვდება. ზურაბიშვილმა ისინი თავად მიიწვია და თითოეულს ინდივიდუალურად ხვდება. შეხვედრის თემა ქართული ქარტია და მისი შესრულების ტექნიკური დეტალებია.
ასევე, პრეზიდენტმა და ოპოზიციის ქალმა ლიდერებმა დასავლეთის საქართველოს მიმართ განწყობებზეც ისაუბრეს.
გახარია – საქართველოსთვის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტთან ქართულ ქარტიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანდიდატებსა და პოტენციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ არ უსაუბრიათ.
“ვისაუბრეთ იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს. სიახლე არაფერია, ისედაც იცით ყველამ. საუბარია ქართულ ქარტიაზე, მის შესრულებაზე, არ ყოფილა კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი პრემიერობის და არც პოტენციური მთავრობის შესახებ. უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რაღაც პროცესი, რაც დაიწყო, გააგრძელოს. ჩვენ, როგორც ამ ქარტიაზე ხელმომწერები ვმონაწილეობთ ამ პროცესში”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს.
როგორც დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება და ამაში პრეზიდენტის მონაწილეობაა საჭირო.
„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, შეხვდა პარტნიორებს და ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პრეზიდენტის შუამავლობით პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება პოლიტიკურ პარტიებს შორის. საუბარია, როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ. რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ ცაიტნოტში არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში, რა როლი ექნება პრეზიდენტს და რა როლს დავიკავებთ პოლიტიკური პარტიები, ამას მომზადება სჭირდება.
რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, ყურადღება არის დიდი, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, დემოკრატიული და გარდამავალი არჩევნები. პრეზიდენტის თქმით, ჩვენი პარტნიორები გვიდგანან გვერდით და გვაქვს მათი, როგორც პოლიტიკური, ასევე მატერიალური მხარდაჭერა. პრეზიდენტი გარკვეული ხიდია შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს“, – განაცხადა დოლიძემ.
ამ დროისთვის პრეზიდენტს კოალიცია – ცვლილებებისთვის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ხვდება და ზურაბიშვილი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერ თინა ბოკუჩავასაც ორბელიანების სასახლეში ელოდება.
პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ორშაბათიდან კვლავ გააგრძელებს.