მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც და „შპიგელი“ კი სამარცხვინოდ იქცევა- ოდიშარია შვილის ინციდენტზე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ჰამბურგის პოლიციამ მის შვილს და სხვა ქართველ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა. საქმე ეხება ბექა ოდიშარიას შვილთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ახალგაზრდასა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაა ასახული. ოდიშარიას თქმით, Spiegel-ი სამარცხვინოდ იქცევა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, მილიონერი ბიზნესმენი ბექა ოდიშარია გერმანიაში თავისი შვილის პოლიციასთან შელაპარაკების ამსახველ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბავშვს“ – 22 წლის ლაშა ოდიშარიას – არაფერი დაუშავებია, პოლიციელებმა კი ბოლოს ბოდიში მოიხადეს.
„პრობლემებს ეძებთ? ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ახლა მე ჩემს ადვოკატს დავურეკავ. გითხარი ხო, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები … აი, ახლა უკვე შარში ხარ, ჩემო მეგობარო“, – ეუბნება ვიდეოში პოლიციის ოფიცერს ოდიშარიას 22 წლის შვილი, ლაშა ოდიშარია.
მის გარდა კადრებში, სამ პოლიციელთან ერთად, ჩანს სულ მცირე 5 ახალგაზრდა კაცი.
ოდიშარია ამბობს, რომ „ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ და დაუწყეს ჩხრეკა“. „იმედთან“ საუბარში ბექა ოდიშარია ამბობს:
ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა. ჩემმა შვილმა უთხრა, უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი ამის და სწავლის უფლების და ასეა დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ან რასის წარმომადგენლები არიან. მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც და „შპიგელი“ კი სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო იუთუბზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკ-არხებმა.
ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში, ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდგომ ის არაბები დაიჭირეს თავისი მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. ბოდიშის ვიდეო რა თქმა უნდა, მოჭრეს და არ განათავსეს. მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ. ხელწერილიც კი არ დააწერინეს,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ამაყობს შვილით: „მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკარხებმა“.
მიუხედავად შელაპარაკებისა, ქართველ ტურისტებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა.