ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანიებს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიების “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და “ტვ პირველის” საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ გააშუქონ “ქართული ოცნების” არაეთიკური წინასაარჩევნო კამპანია, განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს.
ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, “რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს”.
“ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგონ ქართული ოცნების არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია”, – წერია ქარტიის განცხადებაში.
შაბათს, 5 ოქტომბერს, სამმა ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ დაჯარიმების რისკის მიუხედავად, არ აპირებენ შეასრულონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეთერში გაუშვან უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური ბანერები”.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, – აცხადებენ ტელევიზიები.
26 სექტემბერს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.