მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში”-ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომლებთან ერთადაც დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეათანხმეს.
„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამშრომლებს „ქართული ოცნებიდან“ : ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოს მიერ პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
„ჩვენ ასევე მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე.
ახლა, საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ. იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

“დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში” – ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა.
მან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, მმართველი გუნდის ანტიევროპულ რიტორიკასა და 2024 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ძლიერი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის.
მისივე თქმით, მთავრობის ცრუ ბრალდებები და დეზინფორმაცია “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და “თავიდან აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით”.
“26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მისცეს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.
გასულ დეკემბერს, როცა საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მთავრობისთვის, განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები იმისთვის, რომ გახსნილიყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, ამის ნაცვლად კი მმართველმა პარტიამ შემოიღო კანონები, რომლებმაც ქვეყანა დააშორა ამ მიზნებს. მასობრივი პროტესტების მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ზიანს აყენებს მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, იყო თავიდან შემოტანილი და მიღებული. ასევე სხვა კანონები, რომლებიც სტიგმატიზებას ახდენს ლგბტ თემის და ეს კანონებიც იყო მიღებული. გაიზარდა ასევე ანტი-ევროკავშირის რიტორიკა.
საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიულ რიტორიკას ევროკავშირმა უპასუხა შესაბამისი ზომებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები მინიმალურამდეა დაყვანილი, ასევე 30 მილიონიანი დახმარება არის შეჩერებული და ასევე, დახმარების პორტფელის გადასინჯვა ხდება. ჩვენ მაქსიმალურად მოვუწოდებდით ხელისუფლებას, შეეწყვიტა თავისი ქმედებები და ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.
ამ ზომების გაუქმება შესაძლებელია და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გააუქმოს კანონები, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩვენ მოვისმინეთ ყალბი ბრალდებები და სამარცხვინო დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს მმართველი პარტია, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის მხრიდან, რომ დასავლეთი ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას – ეს არის მიუღებელი, ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობისთვის.
აღნიშნული ნარატივები ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს. ევროკავშირი ფარდას ახდის ასეთ ყალბ ნარატივს და უპასუხებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და მომავალი საპარლამენტო იქნება ძლიერი ტექსტი საქართველოს დემოკრატიისთვის. საარჩევნო კამპანიას უკვე ჩირქად მოეცხო მმართველი პარტიის ქმედებები, დაპირების ჩათვლით, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და ძალისხმევის თვალსაზრისით, შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოება. ასეთი ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას, თუ ეს ზომები იქნება განხორციელებული, ისინი ნამდვილად შეეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყველა იმ პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნების პროცესს, რომ ის იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, რაც ნამდვილად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა თავიდან შეხედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და კიდევ ერთხელ აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – თქვა მან.

“ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით”, – თქვა ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
“პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, არ არის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ დიქტატურა თავის შანსს ელის. ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ ეს რეჟიმი, არამედ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი ხელმძღვანელით, ბიძინა ივანიშვილით” , – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

“ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მათი მთავრობა სხვა გზას ირჩევს”, – თქვა ევროპარლამენტარმა ბრიჯიტ ვან დენ ბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
“ჩვენ მიმდინარე წლის მაისში ვნახეთ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ევროკავშირის დროშებით ცეკვავენ და ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ჩვენთვის. ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მათი მთავრობა სხვა გზას ირჩევს. მათ შემოიტანეს განაცხადი გაწევრიანებაზე, მაგრამ ამავე დროს სულ უფრო და უფრო შორდებიან ევროპულ ფასეულობებს. ახლა, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მმართველი პარტია საფრთხეში აგდებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველო ახალგაზრდების მხარდაჭერა” , – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

“შეგვიძლია კანდიდატის სტატუსის უკან წაღება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სანქციების დაწესებაც, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე საუბრობს.
მე ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებდი საქართველოსა და მათ ევროპულ მომავალზე, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა ინიცირებული და მიღებული, ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ევროინტეგრაციის ინტერესი არ აქვს. ისინი ცვლიან კანონებს, რათა საქართველო რუსი ოლიგარქების თავშესაფარი გახდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, რომელთა დიდი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, იმასაც დაინახავს, თუ ვის მიჰყავს ქვეყანა სხვა მიმართულებით და მე მათ სიძლიერეს ვუსურვებ მომდევნო კვირებში. თუმცა, ჩვენ ვართ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები და განზე ვერ ვიდგებით.
ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, რადგან არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ კრემლი და არ ვართ პუტინი. ბრძოლას სათავეში ქართველები უნდა ჩაუდგნენ, ჩვენ კი მათ უნდა დავეხმაროთ და რუსეთს საქმე გავურთულოთ. და ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ, – ამბობს გრეგოროვა.

“არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”, – თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
“საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ ვალდებულებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჰქონდა აღებული და აღმოსავლური პოპულიზმისკენ მიტრიალდა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ. ოჯახური ფასეულობების თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ მიტრიალდნენ. მე ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების მცდელობებს, გამოეწვია ანტაგონიზმი დასავლეთის მიმართ, ჰქონდა თავისი ეფექტი. პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან და აშშ-სთან დიდწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე ჩაკეტა. მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

პატივი ეცით საერთაშორისო კანონებს, პატივი ეცით საქართველოს სუვერენიტეტს, პატივი ეცით საქართველოს უნარს, მიიღოს საკუთარი კანონები და დაუბრუნდით რეალობას, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
ჰანს ნოიჰოფმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არაფერია ისეთი, რაც ამართლებს ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.
„ძვირფასო პრეზიდენტო, კოლეგებო, თქვენი აღშფოთება კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელიც იცავს მოზარდებს და უმცირესობებს – წაიკითხეთ მაინც ეს კანონი? იქ არაფერია ისეთი, რაც ამართლებს ამ კანონპროექტს. თქვენ გეშინიათ საქართველოში დემოკრატიის, თქვენ არ გაწუხებთ ეს საკითხი, თქვენ არ იღებთ იმას, რომ ვიღაც უარს ამბობს თქვენს ლგბტ პროპაგანდაზე და ამბობს, რომ ორი სქესის სისტემა არის ოჯახის საფუძველი. თქვენ აღნიშნავთ, რომ ეს არის კარგი რამ, მაგრამ ჩვენი შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ, ყველაზე დაბალ დონეზეა ევროპაში. პატივი ეცით საერთაშორისო კანონებს, პატივი ეცით საქართველოს სუვერენიტეტს, პატივი ეცით საქართველოს უნარს, მიიღოს საკუთარი კანონები და დაუბრუნდით რეალობას“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დელა ვალემ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
დელა ვალეს თქმით, ევროპარლამენტის უმრავლესობა როცა იხილავდა და წყვეტდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ევროკავშირის ორპირობა გამოვიდა წინა პლანზე.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უახლოვდება ევროკავშირს. მან დაიწყო გაწევრიანების პროცედურები. ესაა პროცესი, რომელიც არის შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ არეალში, რომ გავაუმჯობესოთ დიალოგი და გავაძლიეროთ დიპლომატიური კავშირები.
უკრაინაში ომით ხალხს სურს გეოპოლიტიკური ხედვის შემოღება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, ამერიკიდან და ნატო-დან დიქტატით და ფინანსური პირობები შემოდის დღის წესრიგში. ეს არის მანიპულაცია და მე ვფიქრობ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ბრმად არ გავყვეთ ამერიკისა და ნატო-ს პოლიტიკას.
ევროპა უნდა ეცადოს, შექმნას მშვიდობა, ითანამშრომლოს, დაამყაროს დიალოგი რეგიონულ დონეზე და პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროპული დემოკრატიული პროცესების ჩარჩოებში. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება, გააკრიტიკო ის ადამიანები, ვინც შეცდომებს სჩადის, მაგალითად, ლგბტ თემის წინააღმდეგ კანონი ჩვენ გავაკრიტიკეთ. ვინ უნდა მართოს საქართველო, ეს არ უნდა გადაწყვიტოს არც ამერიკამ, არც სხვა რომელიმე ძალამ, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა დელა ვალემ.

რასაც საქართველოში ვხედავთ ნაკლები არაფერია, ვიდრე დემოკრატიის ჩამოშლის განზრახ მცდელობა , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. “უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, არა უბრალოდ არასწორია, არამედ სახიფათოა.
„ამ კანონებმა შემაკავებელი სიგნალი გაუგზავნეს არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. კანონები, რომლებიც რუსეთის სახელმძღვანელოდან არის მოდელირებული, მზად არის ჩაახშოს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.
სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს, რომელიც დიდწილად მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები ძირს უთხრის ამ მომავალს”, – დასძინა ევროდეპუტატმა.
კოლსმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
„ყველაფერი, რაც ამაზე ნაკლები იქნება, იმის რისკს ქმნის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირისკენ გზას.
მაგრამ მომეცით საშუალება ნათლად ვთქვა, მაშინ, როდესაც მთავრობას შეუძლია ნარატივებით მანიპულაციას ცდილობდეს, ქართველი ხალხის დემოკრატიისა და პროევროპული მომავლისთვის მისწრაფებები არ შეიძლება გაჩუმდეს და არ გაჩუმდება. მათი დემოკრატია გაიმარჯვებს და უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა კოლსმა.

საქართველო გაყოფილია: არის მთავრობა, რომელიც შორდება ევროკავშირის გზას და იღებს კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა ლგბტქ უფლებები და ჩვენ გვყავს ქართველო ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მკაფიოდ და მგზნებარედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში ახალგაზრდა თაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.
„ვფიქრობ, კომისია და საბჭო ძალიან დიდხანს აგრძელებდნენ გაზაფხულზე შეშფოთების გამოხატვას, მაგრამ ვაფასებ დღეს თქვენს მკაფიო განცხადებას ნდობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ საქართველოში ახალგაზრდა თაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – მიმართა მან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას.

მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება.
„ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს, ქუჩებში, სკევერებში, ახალგაზრდები აფრიალებენ ევროპულ დროშებს, ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. ქართველი დემოკრატები გვიყურებენ. ისინი ჩვენგან უფრო მეტ სიმტკიცეს ელიან ქვეყნის ოლიგარქების პირისპირ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია თავისუფლების საწინააღმდეგო კანონების ხელშეწყობა და ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან ევროპას მიუახლოვდე. „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროპას სჭირდება, მისი ხმა გაიგონ და დადგეს ახლოს მის მოკავშირეებთან, ქართელ დემოკრატებთან“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა

მსგავსი პოსტები

Back to top button