მნიშვნელოვანისიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, “თბილისი პრაიდის” წევრები უერთდებიან

თბილისის და რეგიონების პროევროპული მარშის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობის აქციებს ევროპის ქალაქებში გამართავენ

თბილისში დღეს 5 საათზე დაგეგმილ მარშს – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, “თბილისი პრაიდის” წევრები უერთდებიან.
ამის შესახებ განცხადება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და მოქალაქეებს დაგეგმილ მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
“20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, არჩევნებამდე ბოლო მარში ევროპისთვის. შემოგვიერთდით ხუთი ლოკაციიდან: – რესპუბლიკის მოედანი – 300 არაგველის ობელისკი – მარჯანიშვილის მოედანი – გმირთა მოედანი – ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, – აღნიშნულია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, კოალიცია ევროპული კურსის მხარდამჭერ მარშს გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით შეუერთდება.
როგორც ლევან სანიკიძემ განაცხადა, მარშზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არავის მიუყვანია და ვნახავთ, როგორია თავისუფალი საქართველო.
„დღეს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი სათქმელი მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებს გვსურს თავისუფლება, განვითარება, რომ უარს ვეტყვით იზოლაციას, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრებისთვის და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. ამ მიზნით, დღეს ხუთ ლოკაციაზე მთელი საქართველო იკრიბება. ჩვენ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” 17:00 საათზე დაიძვრებით გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ. 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე არის დიდი შეკრება, იქნება სახალხო ზეიმი, ჩვენ ვნახავთ, რა არის თავისუფალი საქართველო, იქნება უკიდურესად პოზიტიური განწყობა, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არ არიან მისული აქციაზე, იქნებიან ადამიანები, ვინც ბოლო გაფრთხილებას მისცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს მარში იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია მისი მიწერა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ორგანიზაციისთვის. ეს არის ზეპარტიული მარში, რომელშიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს, როდესაც ნახავენ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას, ყველა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშანი, იმარჯვებს თუ არა საქართველოში დემოკრატია, ოპოზიცია და თავისუფალი აზრი, მიხვდება, რომ უკვე განაჩენი გამოტანილია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისის და რეგიონების პროევროპული მარშის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობის აქციებს ევროპის ქალაქებში გამართავენ. შეკრებები დაგეგმილია სტრასბურგში, ვალენსიაში, მადრიდში, ბარსელონასა და ლონდონში.
ქართველი ემიგრანტების თქმით, საქართველოს ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელ მარში და 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა.
“სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ვუერთდებით საქართველოში დაგეგმილ აქციას “გზა ევროპისკენ” და ვირჩევთ ევროპულ, განვითარებულ საქართველოს, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ემიგრაცია და დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს ქართველი ემიგრანტიმედიასთან საუბრისას.

საქართველო ირჩევს ევროკავშირს – სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ მასშტაბურ მანიფესტაციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. საყოველთაო სახალხოს მარშზე იქნება პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირონ რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი ევროპაშია და საქართველო რომელიც ნათელ ევროპულ მომავალს ირჩევს, ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
300 არაგველის ობელისკთან “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან, ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რათა დაინახოს ხელისუფლებამ რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა. ისინი მსვლელობას გამართავენ კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალაში და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დღევანდელ ევროპულ მარშში.
“ვაპირებთ კრწანისის რაიონში მსვლელობას, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, ევროპულ მარშზე შემოგვიერთდნენ” – აცხადებენ კოალიციის წევრები.

თბილისის პროევროპული მარშის პარალელურად აქციები რეგიონებშიც არის დაგეგმილი. აქციების მონაწილეები ახლოს მდებარე ქალაქებიდან თბილისში ჩამოვლენ.
ბათუმში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მარში 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ.
შიდა ქართლიდან ავტოკოლონები დედაქალაქისკენ 15:00 საათიდან გამოვლენ. მოქალაქეები ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად ძირითადად თვითორგანიზებულად მოდიან.
გორში მცხოვრები აქციის მონაწილეები ამბობს, რომ დღევანდელ მარშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
დღევანდელ მარშს რეგიონებიდან უერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც.

დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებას რეგიონებიდანაც უერთდებიან. რეგიონებიდან თბილისში ის ადამიანები ჩამოვლენ, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია და პრორუსი ოლიგარქი ქვეყანას წარსულში, რუსეთის პირისპირ ტოვებს.
გორის ანტისაოკუპაციო “რესტო-ბარის” დამფუძნებელი, იოსებ ბაბაევი ევროპულ მარშში მონაწილეობის მსურველებს დედაქალაქში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს. მარშს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ისინი ვინც რუსეთმა საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია.
“მოვუწოდებ გორელებს, მოქალაქეებს, ვისაც არ აქვს საშუალება და ვისაც აქვს სურვილი წავიდეს დღეს თბილისში ევროპის მარშზე, მოვუწოდებ მოვიდნენ “ბლექ სტარტთან” ჩვენ “რესტო-ბართან” და აქ შევგროვდებით და აქედან, უფასოდ, ჩვენი ხარჯებით ჩავიყვანთ ამ ხალხს. დღეს ეს იქნება მაჩვენებელი, ინდიკატორი მსოფლიოსთვის, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ცივილურ სამყაროს, რომ ხალხი ემიჯნება რუსულ მთავრობას, ხალხი არის პროევროპული განათლებისთვის, პროევროპული მომავლისთვის და პროევროპული ღირებულებებისთვის,” – ამბობს იოსებ ბაბაევი.
მოქალაქეები გორში შეკრებას 14:00 საათისთვის დაიწყებენ და მიკროავტობუსებით თბილისისკენ დაიძვრებიან.
გორიდან მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, დღეს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც იზრუნებენ.

დღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უერთდებიან.
“საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია კურსს, რომელიც ქმნის გარანტიებს ადამიანის უფლებათა დაცვის, ღირსეული ცხოვრების და, რაც მთავარია, უმცირესობათა უფლებების დაცვის. ევროკავშირი არის სივრცე, სადაც სოციალური ნიშნიდან გამომდინარე მოქალაქეთა მეორეხარისხოვნება არ იგრძნობა.
რამდენადაც ჩვენ, შშმ პირები სწორედ მეორეხარისხოვნებას ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პლუს, არ გვსურს განუვითარებელ საბჭოთა სისტემაში დაბრუნება. 20 ოქტომბერს ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც 4:30 საათიდან ნელ-ნელა დავიძვრებით მარშის მონაწილეებისკენ, რესპუბლიკის მოედანზე”, – წერია განცხადებაში.
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button