მნიშვნელოვანისიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თბილისში სახალხო მარში 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – სახალხო მარში თბილისში, 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.
მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.
თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
ცნობილია, რომ პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.

დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს, არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.
„აი, ასეთი არის ძლიერი საქართველო, სადაც ყველა ადამიანი თავს გრძნობს ღირსებით, დაცულად და აქტიურად ჩართული ქვეყნის საქმეში. ამიტომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა და აუცილებლად ევროკავშირის წევრი გავხდებით. დღევანდელი აქცია, რომელიც აერთიანებს ათიათასობით ადამიანს არის კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველი ხალხი ემიჯნება რუსს ოლიგარქს და არ აპირებს, მას რუსეთში გაჰყვეს. ჩვენ გვინდა ვიაროთ წინ – ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი საქართველოსკენ და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ – ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ,­ რომ ეს არის რეფერენდუმი, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე, მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა.
„მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი. მაგალითად: 41 ხაზავ ნიშნავს – არა ევროკავშირს, თუ 5 ნომერს ხაზავ ნიშნავს, რომ მხარს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას უჭერ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი გავამხნეოთ და დავინახოთ, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა. ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ამ ღირსებით მოვდივართ. უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე – ჩვენი გზა ღიაა – მივდივართ ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილმა მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე, ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მარში ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, არამედ ემიგრანტებისთვისაც.
„[მარში]ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ იმ ქართველებისთვის, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელოვანია მომდევნო დღეები, რომელიც არჩევნებამდე მიგვიყვანს. საჭიროა, რომ ქართველები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან კარგად მოემზადონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზა გამარჯვების გზა იქნება. პირდაპირ იქ მივალთ, სადაც საჭიროა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე რამდენად გაიგებს ხელისუფლება ქართველი ხალხის ხმას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად ესმის.
„ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის [ხალხის ხმა] და ვფიქრობ, უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული. ძალიან კარგად მიხვდნენ, მაშინ როდესაც უცხოეთში ასეთი მოძრაობაა – მაგალითად, ვიცით, რომ უცხოეთში დაახლოებით, 100 ათასობით ახალი ადამიანები ჩაეწერნენ სიებში. რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე. ჩვენი გზა ღიაა – მივდივართ ევროპისკენ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს.
„მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში და მსვლელობა, რომ მთელ დასავლურ ცივილიზაციას დავანახოთ [ხალხის ნება]. დასავლურ ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს, იმას, რომ ქართველი ხალხი ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში იმ ქვეყნებთან ერთად ვხედავთ, რომელთანაც ღირებულებითი ერთობა გვაერთიანებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

“ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მარშზე სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას” საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იკრიბებიან, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერები არიან.
“არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ბოლო გაფრთხილებაა არჩევნებამდე ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს.
მე რამდენადაც ვიცი გამოდიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და ჩვენთვის დღეს, მთავარი არის ის, რომ ყველანი ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მარშს პარტია “ახალის” წარმომადგენლებიც უერთდებიან. პარტიის თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქართველი ხალხის ფიქრობს ისე, როგორც ფიქროდნენ წინაპრები.
“დღევანდელი აქცია სიმბოლური ხასიათის არის. გვინდა ვაჩვენოთ საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომ ჩვენი არჩევანი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა და რას ამბობს “ქართული ოცნება”. ქართველი ხალხის ფიქრობს ისე, როგორც ფიქროდნენ ჩვენი წინაპრები, როგორც გვიწერია კონსტიტუციაში და როგორც უნდათ ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ მივდივართ ევროპაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მარშს უერთდება ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button