„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ ასევე გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები,,-კობახიძე
საღადაოდ გაიხადეს თავი, -მადინარაზე აქციაზე

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ ჩატარებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
კობახიძის განმარტებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინდელი აქციით, არჩევნები მის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე წააგო“.
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა სკამებით ატარებ შეკრებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს, მხარდაჭერა არ გაქვს საერთო საზოგადოებაში. გუშინ, ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, ყველა „ენჯეომ“ ერთად, სალომე ზურაბიშვილი, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ როგორც ჩანს, პრემიერს კადრები არ ჰქონდა ნანახი, კობახიძემ უპასუხა, რომ ის „ტყუილს ამბობდა“.
„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ. მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის საზოგადოებას ატყუებს, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტყუილი მისკენ მოეკითხა“.
„ტყუილის გამავრცელებელი არის „ტვ პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“, თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ, დრონის კადრები ნახეთ… რატომ არის გადაღებული ეს მხარე, იმიტომ რომ, აქეთ ვერ გაავსეთ, ჩაგივარდათ აქცია. ამ მოედნის შევსებას დიდი რაოდენობის ხალხი არ სჭირდება, თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებთ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, ე.ი. აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელია პროვოკაციები.
„მაგრამ სახელმწიფო ფხიზლადაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი პროვოკაცია არ მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა – ისინი არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. საღადაოდ გაიხადეს თავი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუშინდელ მარშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციონერები მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ლაზერების განათებაზე წერდნენ.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ ბავშვობა წაართვა.
„თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. წარმოიდგინეთ, „ნაცების“ ოთხეულის მარში თუ პრაიდი, როგორც სოცქსელის მომხმარებლებიც უწოდებდნენ ამას, ჩაატარეს და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. ანუ, იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდება არ ისმოდა. იყო ყალბი მოწოდებები ევროპის სახელით შეფუთვასთან დაკავშირებით.
დღეს მთელი კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. ესე იგი, კადრები ვნახე, რომელსაც ეწერა ათეულობით ათასი და იმ კადრებში ასეულობით ათასი ჩანს და რატომ იკლებენ, ვერ მივხვდით. კადრები რაც გაავრცელეს, თუ მართალია, ნამდვილად ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი. მთელი რუსთაველი თავიდან ბოლომდე არის გადაჭერილი და რატომ იკლებენ და ათეულობით ათასს რატომ ამბობენ, წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, იქ ჩანს 25-20 ათასი მაქსიმუმ. დავიბენით ახლა, ჩვენც ხალხი ვართ. რა ხდება ვერ გავარკვიეთ ვერავინ და იქნება გაგვარკვიოს ვიღაცამ. მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამით წერდნენ ლაზერებზე და თაგვმა რომ კატა გამოთხარა, მერე ის დაემართათ. ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვობა წამართვესო და ლაზერის მინათებაზე მელაპარაკებიანო.
ისინი [ოპოზიციონერი ლიდერები] არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით, ვერც ერთმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან. იმიტომ რომ სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოყავთ, რეგიონებიდან ხალხის მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ, მერე კადრებს ისეთი უქნეს, რომ რატომ იკლებენ საერთოდ? რა ათეულობით ათასი, კადრებია ისეთი, ნახევარი მილიონი ადამიანი მინიმუმ დგას. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, რომ გამოდიან და მერე ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.