,,დასჯამ და სანქცირებამ არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს,,-ივანიშვილი
ვირტუალური რეალობა არ იმუშავებს და „27-ში ყველამ წყნარად უნდა დაიძინოს“

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით – მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც „არაკორექტული და არაობიექტურია“. მისივე თქმით, ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს.
„[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო.
რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? – მე პირადად, აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით აბსოლუტურად, რამეთუ მთელი დღე 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც – ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი, ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ, ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ; მე უფრო ტერმინს ფსევდოლიბერალურს გამოვიყენებ, ზოგადად, მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი განცხადებით, შესაძლოა, რეალობასთან კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებას რამდენად ხშირად და რამდენად კარგი აქცენტებით მიაწვდი კონკრეტულ ვირტუალურ რეალობას, რომელსაც შემდეგ რეალობად მოაჩვენებ. ამის მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა იმ ადამიანების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიის შუქურად მოხსენიება, ვინც ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ადანაშაულებს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიის უკან დახევაში.
„შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას. აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას – ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა – დაახლოებით, ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი. ის ფსევდო მედია, რაც იყო, პრინციპში, ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში, დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია, ისეთი დემოკრატიაა, რის საფუძველზეც, ევროპა გახდა ასეთი მომხიბვლელი, რაც სამწუხაროდ, მე მგონი, დღეს ევროპას აკლია. აი, ასეთი განცხადებები გვესმის მათ რიცხვში ევროპიდან, ამერიკიდან, საერთოდ დასავლეთიდან, მაგრამ, ავიწყდებათ მთავარი – ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი, არსებობს განსხვავებული მედია და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გასული 12 წლის მანძილზე, არაერთი მცდელობა ნახა, შესაბამისად, ვირტუალური რეალობა არ იმუშავებს და „27-ში ყველამ წყნარად უნდა დაიძინოს“, მაგრამ, ივანიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, უახლოესი მომავალი დაძაბული იქნება, რასაც სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, მათი ათასნაირი ტიპის მცდელობები – არ იმუშავებს, ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ, უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული. ძალიან მძიმე გეოპოლიტიკა არსებობს დღეს და მძიმე რეალობაა მთელ რეგიონში და ამას აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.