ლავროვს საქართველოში ოცნების წარმომადგენლების განცხადებების “მეორე ფრონტის” შესახებ “სჯერა”
რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ “სჯერა” საქართველოში “მეორე ფრონტის” შესახებ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებების.
რუსული მედია IZVESTIYA-ს ჟურნალისტმა 22 ოქტომბერს ყაზანში, BRICS-ის სამიტის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა ქართული ოცნების განცხადებებზე, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას სთავაზობდა, რაზეც სერგეი ლავროვმა თქვა, რომ “არ არსებობს საფუძველი, ამ განცხადებების არ სჯეროდეს”.
“ვერ ვხედავ საფუძველს, ამის [განცხადებების] არ მჯეროდეს. მათ მაგალითად მოჰყავთ დიალოგი დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ მათ სამხედრო მოქმედებებისკენ რუსეთთან. მე არ მაქვს საფუძველი მათ არ ვენდობოდე”, – თქვა სერგეი ლავროვმა.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ქართული ოცნება ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოუწოდებს. ამ კონტექსტში, მმართველი გუნდი არა მხოლოდ დასავლეთზე, არამედ უკრაინელ პოლიტიკოსებსა და საქართველოს ოპოზიციონერებზეც ლაპარაკობს.
“მეორე ფრონტის” გახსნის კონსპირაციებზე არაერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს “ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა სამი-ოთხი დღე ბრძოლა, შემდეგ კი პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა”.
“შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? სამი-ოთხი დღე, ალბათო. მერე, სამი-ოთხი დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა, თქვენ სამი მილიონი ხართ და სამ-ოთხ დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი, ეს იყო რეალობა”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სიტყვებზე კომენტარი დღეს, 22 ოქტომბერს, მედიასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი სიტყვებით, მოუწიათ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ “გადაერჩინათ ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან”.
„ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დამატებითი დეტალების გაუმჟღავნებლად.
ცნობისთვის რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი დაიწყო. სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ.
„ბრიქსის“ სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამიტზე დეტალურად განიხილება საერთო ფინანსური სისტემა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, „ბრიქსის“ გაფართოების თემა ყაზანის სამიტის დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ეს საკითხი განიხილება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლიდერებმა ყაზანის სამიტზე უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასოციაციის ფარგლებში თანამშრომლობის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად.
„ბრიქსი“ სახელმწიფოთაშორისი ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის მიერ შეიქმნა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ორგანიზაციას 2011 წელს შეუერთდა. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.