საჯარო მოხელეები, მუნიციპალური აიპის თანამშრომლები, მასწავლებლები, ბაღების აღმზრდელები-დღეს რეგიონიდან ჩასულები „ქართული ოცნების“ წინა საარჩევნო აქციას დაესწრებიან

საჯარო მოხელეები, მუნიციპალური აიპის თანამშრომლები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები–ასეთია რეგიონიდან თბილისში მობილიზებული ადამიანების სია, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციას დაესწრებიან.
სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ააიპ-იებში დასაქმებული მოქალაქეების მობილიზება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო.
მოქალაქეები მიყავთ თბილისში თელავიდანაც. პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან იკრიბებიან, საიდანაც ავტობუსებითა და სამარშუტო ავტომანქანებით, თბილისისაკენ წავლენ.
დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია, გადაკეტილია ქუჩები, ადგილზე მონტაჟდება სცენა და უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილიც მიმართავს სიტყვით.