მნიშვნელოვანისიახლეები

“ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ხმას და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი”-საკუთარი არჩევანი დააფიქსირა პრემიერმა კობახიძემ

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა პრემიერმა კობახიძემ. საარჩევნო უბანზე ის ცოტა ხნის წინ მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ, კობახიძემ საარჩევნო უბანზეც “რადიკალურ ოპოზიციაზე” ისაუბრა და დარწმუნებით თქვა, რომ 60%-იან მხარდაჭერას მიიღებენ. კობახიძე ოპოზიციას “მოუწოდებს, აღიაროს ცესკოს შედეგები”. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღის ბოლოს ხმების 60% ექნება

„ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას… ვაღიარებთ იმას, რასაც ცესკო დადებს. ეს იქნება ოცნების 60%-იანი მხარდაჭერა“, – განაცხადა მან დილის 08:50-ზე, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ,
“ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ხმას და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი” – ამტკიცებს კობახიძე და “ეკონომიკურ აღმავლობაზე” , “მეორე ფრონტზე” და მსგავს შეთქმულების თეორიებზე საუბრობს. არ პასუხობს შეკითხვას – რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვებას გადაწყვეტს.

ჟურნალისტების კითხვაზე, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა თქვა, რომ ეყრდნობა პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და „კარდაკარის” და ასევე კომპანია „გორბის” გამოკითხვის შედეგებს.
„არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოებით 34-35%-ია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.

ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747.
გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.
გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი(მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი – 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში)
საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button