„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაც მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში, სადაც კოალიციის საარჩევნო შტაბია, ოცნების მხარდამჭერები მივარდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
“სულ რამდენიმე წუთის წინ, “ოცნების” ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოცვივდნენ ენმ-ის ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს და რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ოპოზიცია ვიმარჯვებთ დამაჯერებლად და ძალიან მნიშვნელოვანია არ გავფლანგოთ არც ერთ ხმა” განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
ოცნების ტიტუშკებმა ოფისში შეჭრაც სცადეს, თუმცა ენმ-ის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტმა ამ დროისთვის პარტიის ოფისის ტერიტორიიდან კახეთის გზატკეცილისკენ გადაინაცვლა
მოქალაქეები ერთმანეთს კახეთის გზატკეცილზე, პირდაპირ საავტომობილო გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ოფისში უცნობი პირები მივარდნენ, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ამ დროისათვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით დატოვეს იმ პირებმა, რომლებიც ოფისთან იყვნენ მისულები.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.