პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე, რომელსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.
“მე მინდა, დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენს არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი”, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ არჩევანს:
“თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში. არავის აქვს უფლება წაგვართვას ევროპული მომავალი. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ვინც ძალიან თანასწორო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში, ჟურნალისტებს ვინც იბრძოდა, რომ ყველა დარღვევა ყოფილიყო დაფიქსირებული. ჩვენ შევესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, ყველა იმ ხერხების გამოყენება რაც გვინახავს, დამატებით დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რათა გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყოთ მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. რამდენიმე თვის წინ ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო, რუსული კანონი და მთელი რიგი რუსული კანონები. ისინი ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში, წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთან ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა ფორმით…”.