4 ნოემბერიდან პროდასავალური ოპოზიცია ქუჩის აქციებს იწყებს
არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ პროდასავალური ოპოზიცია ქუჩის აქციებს იწყებს. ხვალ, დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ მასშტაბური პროტესტის ეპიცენტრი გახდება. აქცია 4 ნოემბერს 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართება.
პროდასავლური ოპოზიცია მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება, რომელსაც საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს წარმაომდგენლები უერთდებიან.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხალხის გამარჯვების დასაცავად მშვიდობიანი ბრძოლა გრძელვადიანი იქნება და მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა. მათი თქმით, პროტესტის მიზანია, რომ მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია არ შედგეს.
სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა – სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები – ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული“ არჩევნები, „ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა“, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.
„ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის და იმ სპეცოპერაციის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. სპეცოპერაციის, რომელსაც სახელად ქვია – ყალბი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ფარულობის დარღვევას ტოტალური კონტროლისთვის. ვნახეთ, როგორ ატრიალებდა კარუსელს „ოცნება“. ვნახეთ სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, პირადი ნომრებით უცხოეთში მცხოვრები ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულები არიან ე.წ რეგისტრატორები კომისიის წევრების სახით და ის ვითომ პროფესიული ნიშნით დანიშნული სუს-ის მიერ შერჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სქემის საკვანძო ფიგურები არიან. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ უკანონოდ აწყობილი ქოლ-ცენტრები და პირდაპირ როგორ ძალადობდნენ ადამიანებზე ამ ქოლ-ცენტრებიდან. ვნახეთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ვერც კი უარყოფენ, რომ ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაში.
სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები – ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. მათ [ოცნებამ“] კარგად იციან, რომ ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ.
„სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ვითხოვთ ახლიდან ჩატარებას. ოღონდ არა იმ წესებით, რომელმაც ეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა, არამედ ახალი წესებით, რომელიც თითოეული ადამიანის ხმის დაცვის გარანტი იქნება.
ორშაბათს, 19:00 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ სწორედ ეს გავაპროტესტოთ – სისტემური დანაშაული, რომელსაც „ოცნება“ არჩევნებს უწოდებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ.
კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები.
მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.
“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.
„საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები – ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავაცანით და ასევე, ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც ასევე, არის ძალიან კრიტიკული პირველადი ინფორმაციით და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ მიანიჭებს.
პრეზიდენტთან კოორდინაცია არსებობს. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას – პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მან უკვე გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია, კომუნიკაცია და ასევე, ის მუდმივად კონსულტაციებს აწარმოებს და კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ცდილობს მაქსიმალურად, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, – განაცხადა კუპრაძემ.
გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ოპოზიცია, რომელიც ისევ ქუჩის პროტესტისთვის ემზადება. კარვების მობილიზება დაწყებულია.
ცნობილია მხოლოდ დაპირება – და არა კონკრეტული გეგმა. ბარიერგადალახულ პარტიებში ამბობენ, რომ ისინი შედეგზე ორიენტირებულ პროტესტს, გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას აპირებენ – თუმცა არაფერს ამბობენ სამოქმედო გეგმაზე, რის გამოც პროტესტის ორგანიზატორებს საკუთარი ამომრჩეველი გაუნაწყენდათ.
რა ფორმით გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს – 3 პოლიტიკური გაერთიანება კონსულტაციებს ყოველდღიურად მართავს, თუმცა შეხვედრებს არ ესწრება გახარიას გუნდი, რომელიც აქციას უერთდება, კარვების გაშლის იდეას კი არა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პროტესტი დაუღალავი უნდა იყოს.
“ქუჩის პროტესტი უნდა იყოს მთავარი, ცენტრალური ნაწილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმის. ეს პროტესტი უნდა იყოს დაუღალავი, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს – არჩევნებს. ეს შემდგომში იმის საფუძველს მოგვეცემის, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკური ცხოვრება. დანარჩენს ვნახავთ ორშაბათს, საღამოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.