მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს

1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მან დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა კენჭისყრაში.

ვისკონსინის შტატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა მოაგროვა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა, რომლებიც საჭირო იყო პრეზიდენტობისთვის. პარალელურად, დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან ადგილების მოპოვების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.

“მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ეს შესანიშნავია. ჩვენ მეგობრები ვართ. ათასობით მეგობარი ვართ შესანიშნავ მოძრაობაში, ეს იმგვარი მოძრაობაა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს საზღვრებს, გავაკეთებთ ყველაფერს. შევქმნით ისტორიას მიზნისთვის. ჩვენ გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელიც ყველას შეუძლებლად მიაჩნდა. ახლა ნათელია, რომ მივაღწიეთ ყველაზე შესანიშნავ პოლიტიკურ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება ეს სიგიჟეა. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უნახავს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებულად დიდი პატივია ვიყო თქვენ მიერ არჩეული 47-ე პრეზიდენტი.

ყველა მოქალაქისთვის ვიბრძოლებ, თქვენი ოჯახებისთვის. თქვენი მომავლისთვის. ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემს ყველა ამოსუნთქვაში. მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ ძლიერ, დაცულ და სამართლიან ამერიკას რომელშიც ჩვენი ბავშვები იმსახურებენ. თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად ამერიკის ოქროს ხანა იქნება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა.

ტრამპის განცხადებით, არჩევნებში არნახული პოლიტიკური გამარჯვებით ისტორიაში შევიდნენ. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის შესანიშნავი გამარჯვება უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button